გერმანული ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის გამოძიებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება 2013 წლიდან მოსკოვში დაფუძნებულ და ФСБ-სთან კავშირში მყოფ კომპანიისგან სახის ამომცნობ სისტემებს ყიდულობს, ოპოზიციური სპექტრი მწვავე შეფასებებით ეხმაურება.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, აღნიშნული კვლევა კიდევ ერთი მკაფიო დასტურია იმისა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანას რუსეთის უსაფრთხოების არქიტექტურაზე აბამს, რაც მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებს დაუცველს ხდის.
„ეს არის კიდევ ერთი ძალიან თვალსაჩინო დასტური იმისა, რომ საქართველო ყველა სიბრტყეზე, ყველა კუთხით არის მიერთებული რუსეთის ფედერაციის სხვადასხვა სისტემებთან, მათ შორის უსაფრთხოების სისტემასთან… „ქართული ოცნება“ არის თხემით ტერფამდე რუსული წარმოებულის მანქანა, რომელმაც რუსეთს გადასცა საქართველო ყველა ასპექტში, ყოველგვარი გასროლის და ოკუპაციის გარეშე. აღარც არაფერი პრივატული და აღარც არაფერი უსაფრთხო არცერთ ქართველს არ გაგვაჩნია ასეთი სისტემების არსებობის პირობებში“, — აცხადებს ტვ პირველის ინფორმაციით გრიგოლ გეგელია.
ოპოზიციის წევრების შეფასებით, რუსული წარმოების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება სტრატეგიულ ობიექტებსა თუ საჯარო სივრცეებში პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
















