გეგელია – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ადამიანის სინდისით ივაჭრებს და სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს

გამორიცხული არაფერია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ სრულიად ექსტრაორდინალური ვითარება შექმნა ქვეყანაში. პასუხებიც შესაძლოა სრულიად ექსტრაორდინალური იყოს, – ასე უპასუხა „ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ კითხვას, განიხილავს თუ არა ოპოზიცია ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად საპარლამენტო ბოიკოტს.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე განხილვა მიმდინარეობს იმის თაობაზე, თუ როგორ წარიმართება ხელისუფლებასთან ბრძოლის პროცესი სამომავლოდ.

„ახლა წყდება სახელმწიფოებრიობის საკითხი და ის, თუ რამდენად აქვს ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი. ამაზე დიდი და ფუნდამენტური არაფერი არსებობს დემოკრატიულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენეთ ზეწოლისთვის და იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაიხადოს ძალიან ძვირი ფასი წუხელ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის“, – განაცხადა გეგელიამ.

მისი განმარტებით, ოპოზიცია ყველა მექანიზმს გამოიყენებს, მათ შორის საპროტესტო აქციებს და საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლას.

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ ყველა დიდ ქალაქს მიიტაცებს, ყველა მოქალაქის ხმას მიიტაცებს, ადამიანის სინდისით ივაჭრებს, იკადრებს აბსოლუტურად ყველაფერს და საქართველოს სახელმწიფოს საბოლოოდ მიითვისებს. ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ ეს პრივატიზაციის პროცესი, რომელიც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა, ჩაცემენტდა და „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს არავითარი აზრი არ გააჩნია“,-განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიISFED – არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარი: ვფიქრობთ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი კარგად იყო ადმინისტრირებული