„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ მილიონამდე ამომრჩევლის ნებასა და არჩევანის თავისუფლებას ესხმის თავს. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.
გეგელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს პოლიტიკური მრავალფეროვნების მხოლოდ „ოპტიკური ილუზია“ შექმნას და იმ ოპოზიციურ ძალებს კრძალავს, რომელთაც ხელისუფლების შეცვლის რეალური რესურსი აქვთ. პოლიტიკოსის შეფასებით, მმართველი გუნდი დასავლეთის მხრიდან ზეწოლას საქართველოს დაზიანებითა და ხალხის ინტერესებით ვაჭრობით პასუხობს.
„ლელოს“ წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ პარტიების აკრძალვა ხელისუფლებისთვის „ვერდაბრუნების წერტილი“ იქნება, თუმცა ოპოზიცია ბრძოლის გაგრძელებას ყველა შესაძლო ფორმით გეგმავს.















