გეგელია: ლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა

„ლელოს“ წევრი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ პლებისციტის ჩატარებაზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, „ლელო“ პარლამენტში შევა. მისივე თქმით, „ლელოს“ მოლოდინია, რომ ხალხი პლებისციტზე რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ უმთავრესად ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის სრულ პროცესს და პლებისციტს. ჩვენ ვთვლით, რომ პლებისციტი არის უმაღლესი სინჯის მექანიზმი, რომელსაც შეუძლია დემოკრატიული ვერდიქტი გვაჩვენოს. ეს არის ერთი შესაძლო ვარიანტი, მაგრამ დღეს ჩვენი მთავარი ფოკუსი არის იმაზე, რომ მივაღწიოთ მედიაციის საღ, სრულყოფილ ფორმატს. პლებისციტს თუ მივაღწევთ, ჩვენ შევალთ პარლამენტში და ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ ადეკვატური პლებისციტი და ადეკვატური რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ველით, რომ ხალხი მიემხრობა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას 2022 წელს“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ექვსპუნქტიან მოთხოვნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ერთობა ურყევია. ამასთან, გეგელიამ კომენტარი გააკეთა კონსტიტუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით ხელმოწერილ მანიფესტზე, რომელსაც „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ელენე ხოშტარია შეუერთდნენ.

„ოპოზიციური მაგიდა არის პატრიოტული მაგიდა, სადაც წარმოდგენილია ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ძალა. ეს ოპოზიციური მაგიდა არის გაერთიანებული უმნიშვნელოვანესი ექვსი პუნქტის ირგვლივ და ეს ერთობა არც ერთ შემთხვევაში არ დაკნინდება, არ დაზიანდება და არ დაიყოფა, ვიდრე არ მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნებს. „ლელო“ არის და იქნება ამ ექვსი პუნქტის ერთგული და მხარდამჭერი.

რაც შეეხება ინიციატივას, ეს არის ძალიან კარგი სამოქალაქო ინიციატივა, რომელსაც უბრალოდ სამი პოლიტიკური მხარე, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ელენე ხოშტარია ვუერთდებით. ეს არის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს, რომ საქართველოს საზოგადოებას შევთავაზოთ პოზიტიური დღის წესრიგი და ადამიანებს, რომლებიც დაღლილი არიან კრიზისით, ვუთხრათ, რომ დრო არის, ძალაუფლება გადაეცეს ხალხს. ყველას, განურჩევლად პარტიული და პოლიტიკური აფილირებისა, ვიწვევთ შემოუერთდეს მანიფესტს. ამ ინიციატივის სახელია „კონსტიტუცია 100“, რომელიც პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციურ სიკეთეებს იხსენებს და უნდა, ის მემკვიდრეობა აღადგინოს თანამედროვე ქართულ სამწუხაროდ, მომაკვდავ დემოკრატიაში“, – განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

 

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია ხელისუფლებას მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო პარტნიორების სრულიად კეთილი ზრახვებითა და ქართული დემოკრატიის საუკეთესო ინტერესებით მოწოდებული რეკომენდაციები
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – შავი არქივი წაღებული აქვთ და იყენებენ ადამიანების დასაშანტაჟებლად