„ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი გრიგოლ გეგელია Human Rights Watch-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება. მისი განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო საზოგადოების მკაცრ პოზიციას მმართველი გუნდის მიერ გატარებულ პოლიტიკასთან დაკავშირებით და მოუწოდებს ხელისუფლებას, უარი თქვას მიღებულ კანონებზე.
გეგელიას თქმით, ეს დასკვნა ემატება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს, რომლებიც ქვეყანაში თავისუფლების შეზღუდვასა და ევროპული კურსის დაზიანებაზე მიუთითებენ.
„Human Rights Watch-ის ანგარიში არის კიდევ ერთი მომაკვდინებელი დასკვნა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ სასაფლაოზე, სადაც ჩვენ უკვე ვნახეთ, ევროპარლამენტის, ევროსაბჭოს, ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნები, რომელიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ რეჟიმმა მოსპო და გაანადგურა თავისუფლების კერები ამ ქვეყანაში, რადგან მისი მიზანია ამ ქვეყნის სრული რუსიფიკაცია, ამ ქვეყანაში თავისუფლების ყველა ჩანასახის მოკვლა და ამით საქართველოს ევროპული და ატლანტიკური მომავლის სრული და საბოლოო გადაგვარება“, — განაცხადა გეგელიამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის შიგნით არსებულ რეპუტაციულ და ეკონომიკურ გამოწვევებს.
„ეს დასკვნა მოუწოდებს რეჟიმს იმისკენ, რომ არსებითად შეცვალოს, ანდა სრულად გააუქმოს ეს დრაკონული კანონები. მოუწოდებს იმისკენ, რომ ზოგადად შეცვალოს ის მავნებლური პოლიტიკური კურსი, რამაც აზარალა ქართველები, საქართველო, ჩვენი საზოგადოება. რამაც აზარალა ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია და პრესტიჟი, რასაც აქვს პირდაპირი გავლენა მათ შორის ქვეყნის ეკონომიკაზე და იმ შემზარავ სოციალურ მდგომარეობაზე, რაც გვაქვს ქვეყანაში“, — აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

















