გეგელია – ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ შევავსოთ ფრაქცია და გავაგრძელოთ შრომა პარლამენტში

ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ შევავსოთ ფრაქცია და ჩვენი ფრაქცია გააგრძელებს შრომას პარლამენტში. ბუნებრივია, ვიბრძოლებთ ყველა პროცესის გამოყენებით, მათ შორის ფრაქცია საპარლამენტო შრომის სახით იბრძოლებს. მამუკა ხაზარაძე გამონახავს სხვა ძალიან საინტერესო თუ არა ბევრად უფრო პროდუქტიულ ფორმებს ბრძოლისა პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელია, განაცხადა.

მისი თქმით, „ლელო“ ეფექტიან მოდელს შევქმნის.

„ლელოს“ ყოველთვის ჰქონდა უნარი, რომ ყოფილიყო ყოვლისმომცველი და დაეფარა სხვადასხვა ჟანრები და ახლაც დავფარავთ სხვადასხვა ჟანრებს პოლიტიკური ქმედებისა და მოღვაწეობისა. ჩვენ გვინდა ყველა მიმართულებით ცვლილების განხორციელება. ამ ეტაპზე შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ფრაქცია შენარჩუნდება და გააგრძელებს მუშაობას, ხოლო დანარჩენს ვნახავთ ერთად. ეს არის მამუკა ხაზარაძის პირადი გადაწყვეტილება, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. მას გააჩნია სრულიად გამართული არგუმენტაცია, რომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვფიქრობ, მამუკამ ამ ნაბიჯით ძალიან კარგად ამხილა ის სიყალბის კულტურა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ის სიცრუის პირამიდა, რომელსაც მწვერვალზე, თავზე აზის ბიძინა ივანიშვილი და ამ პირამიდამ გვითხრა, რომ არჩევნებს აღარ აქვს ამ ქვეყანაში აზრი, რომ ყველაფერი მაინც ისედაც პრივატიზებულია, ნოტარიულად გაფორმებული და შესაბამისად, ქართველი ხალხის ძალისხმევას რომ რაიმე შეცვალონ, არ გააჩნია აზრი. მამუკა ხაზარაძემ ეს სისტემა ამხილა გუშინ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სხვა კოლეგებს, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას, რომ მაქსიმალურად შეარყიონ ეს სისტემა საქართველოს პარლამენტის წიაღიდან“, – განაცხადა გეგელიამ.

რაც შეეხება საკრებულოს შესაძლო დატოვების საკითხს, გეგელია აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია.

„გამორიცხული არაფერი არ არის, ვინაიდან „ქართულმა ოცნებამ“ შემოგვთავაზა სამწუხაროდ სრულიად ექსტრემალური ვითარება, ყოველ ჯერზე სადაც ოპოზიცია ვცდილობდით სიტუაციის სტაბილიზებას, ყველა ჯერზე, „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა უარესი ჩიხი, უარესი კრიზისი, ეს არის „ქართული ოცნების“ მართვის სტილი, „ოცნებას“ არაფერი ხელეწიფება, გარდა კრიზისების შექმნისა. ახლა ჩვენ ვნახეთ და ვხედავთ, რომ ექსტრემალურ ვითარებაში არ არის გამორიცხული სრულიად ექტრემალური ნაბიჯები, რომლებიც სხვა დროს შეიძლება არ ყოფილიყო ჩვენს მიერ მოწონებული, ამიტომ გამორიცხული არაფერია. ახლა ვმსჯელობთ კონკრეტულ ტაქტიკაზე მოქმედებისა“, – განაცხადა გეგელიამ.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – აქცია კონსტიტუციური ფორმაა და არ შეიძლება მისი დემონიზება
შემდეგი სტატიანიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის ახალი გამარჯვებული 26 წლის ლიკა კეშელავაა