კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის დღევანდელ ბრიფინგს ეხმაურება. გეგელიას განცხადებით, ხელისუფლების მცდელობა, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად ჩინეთი გამოაცხადოს, დასავლური კურსის ღიად შეცვლასა და ქართველი ხალხის მიზნების შეურაცხყოფას ნიშნავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზოგადოებას ახსენებს, რომ პეკინთან გაფორმებული დოკუმენტები რეალურად არ იცავს საქართველოს უსაფრთხოების ფუნდამენტურ ინტერესებს.
„ჩინეთთან ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაში მოხსენიებულია “ერთიანი ჩინეთი”, მაგრამ არსადაა ნათქვამი, რომ ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ეს არის ჩინეთი, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ მხარი არ დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნებისა და საკუთრების უფლებას იცავს. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ეწინააღმდეგება ყველა ძირითად ქართულ, ეროვნულ ინტერესს“, — აცხადებს გრიგოლ გეგელია.
გეგელიას თქმით, ოპოზიცია მხარს უჭერს ჩინეთთან ჯანსაღ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და „შუა დერეფნის“ პროექტს, თუმცა მისი პოლიტიკურ საპირწონედ ქცევა დამღუპველია, რადგან პეკინი არასოდეს დაუპირისპირდება რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს სამხრეთ კავკასიაში:
„ჩინეთით აშშ-სა და ევროპის ჩანაცვლების მცდელობა იმ სავალალო კრახის გამოხატულებაა, რაც ამ რეჟიმმა ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებში იწვნია. ამ რეჟიმის მიზანია, უარყოს ქართული დამოუკიდებლობის მოძრაობის ყველა მონაპოვარი, საქართველო საბჭოთა წარსულში დააბრუნოს და ერთპარტიულ, უამბიციო ჭაობად გადააქციოს“, — აღნიშნავს „ძლიერი საქართველოს“ წევრი.















