კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა.
„ყველაფერი ხდება ისე, როგორც სურს ბიძინას – ერთ პარანოიდ ადამიანს, რუსეთის დავალებით მართულ პარანოიდ ადამიანს. არანაირი სასამართლო არ გვაქვს და ყველა, ვინც ერთ დროს იბრძოდა, რომ სააკაშვილის რეჟიმი შეეცვალა, უნდა იცოდეს, რომ მათი ბრძოლა კრახით დამთავრდა. „ქართულმა ოცნებამ“ ჩააცემენტა ის მავნებლური სისტემა, რომელიც უკვე არსებობდა და კიდევ უფრო უარესი გახადა ეგ სასამართლო სისტემაც, ეგ კლანიც და ის ქვეყანაც, რომელსაც ვითომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ებრძოდნენ. ამიტომ ბრძოლა არის ბოლომდე მისაყვანი, სისტემა არის გამომპალი და ამ გამომპალი სისტემის შედეგებს თავის ე.წ. პროკურორებით და ე.წ. მოსამართლეებით ვხედავთ დღესაც, როდესაც ვხედავთ, რომ პირდაპირ პოლიტიკური დირექტივის კვალდაკვალ მოხდა ბრალის გადაკვალიფიცირება. ამაზე ნათელი რა უნდა იყოს?! მაღალი იერარქიის პოლიტიკოსებისგან წამოსული ბრალით მოხდა ადამიანის დასჯა დღეს.
ქმედებაზე გვაქვს ძალიან მკაფიოდ ნათქვამი, რომ ეს ქმედება არ არის ქმედება, რომელიც ჩვენთვის წარმოადგენს ყველაზე სასურველ პოლიტიკური ბრძოლის ფორმას, ამასთან დაკავშირებით „ლელომ“ და თავად ალეკომაც ძალიან მალევე ვისაუბრეთ ძალიან მკაფიოდ. ალეკოს ვერ გატეხთ! ეს პროპაგანდა განწირულია კრახისთვის. ჩვენ ძალიან მკაფიო შეფასება გავაკეთეთ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ, ამავდროულად, ვამბობთ, რომ ის არაპროპორციული მუხლი, რითაც მოხდა საქმის გადაკვალიფიცირება, შედეგად ეს არაპროპორციული სასჯელი არის „ქოცურ-რუსული“ ტიპის“, – განაცხადა გეგელიამ.















