გეგე დადიანის (გოჩა მირცხულავა) ახალი წიგნი „ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“ სიყვარულზეა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად – სიყვარულის უფლებაზე. ვის აქვს უფლება, განსაზღვროს, ვინ შეიძლება გვიყვარდეს? სად მთავრდება ახლობელი ადამიანების ზრუნვა და სად იწყება სხვისი ცხოვრების განკარგვა? შეიძლება უპასუხო სიყვარული დამარცხება კი არა, ადამიანის სიმდიდრე იყოს? წიგნი რეალურ ამბავს ეფუძნება, თუმცა გეგე დადიანი შეგნებულად ტოვებს ინტრიგად, სად მთავრდება სინამდვილე და სად იწყება მხატვრული გამონაგონი. ერთი რამ კი ზუსტად ვიცით: წიგნში 20 ივლისს თავისი სახელი აქვს – „ანგელოზის კაშკაშა ღამე“. ავტორს სურს, ეს თარიღი ოდესმე იმ ადამიანების დღედ იქცეს, ვისაც უყვარს, უყვარდა ან ჯერ კიდევ ელის სიყვარული.
ინტერვიუ გეგე დადიანთან:
– ამ წიგნში ავტორი – ვიბნევი გეგე თუ გოჩა როგორ მოგმართოთ – აშკარად არ იმალება ნეიტრალური მთხრობელის უკან. არ გეშინიათ, რომ მკითხველი გეტყვით: „რომანი კი არ დაწერეთ, საკუთარ მსოფლმხედველობას გვიმტკიცებთ“?
– გინდათ, გულწრფელად გიპასუხოთ? არა. არაფრის მეშინოდა და არც მეშინია. მე მომეცა შანსი, ამ წიგნის გმირებთან ერთად ღიად მეთქვა: „მე შენ მიყვარხარ, ანგელოზო!“ და ამის შემდეგ რომელ შიშზე შეიძლება ვისაუბროთ?
შიში და სიყვარული ერთმანეთთან შეუთავსებელია. უამრავი ადამიანი სწორედ შიშის გამო რჩება სიყვარულის გარეშე.
რაც შეეხება მსოფლმხედველობას – არაფერს ვამტკიცებ. უფროს ელისესთან ერთად უბრალოდ ვამბობ ცხოვრების ყველაზე მთავარ სიტყვებს: „მე შენ მიყვარხარ, ანგელოზო.“
სულ ეს არის. ვისაც უნდა, ეს წიგნი რომანად წაიკითხოს, ვისაც უნდა – მოთხრობად. საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე წაიკითხა როგორც საკუთარი ამბავი.
ისე სახელზე ნუ დაიბნევით. ადრე ვთქვი – თუ ლიტერატურაში რამეს გამოვცემ, გამოვცემ როგორც გეგე დადიანი. პუბლიცისტიკასა და ანალიტიკას რაც შეეხება, დავრჩები კვლავ გოჩა მირცხულავად. ორი სათაურის არ იყოს – მშვენიერია ეს ორი სახელი და გვარიც. [იცინის]
– წიგნი რეალურ ამბავს ეფუძნება. სად მთავრდება რეალობა და სად იწყება მხატვრული გამონაგონი?
– მოდი, ამას ინტრიგად დავტოვებ. დიახ, წიგნი რეალურ ამბავს ეფუძნება, მაგრამ სად წავიყვანე მისი გმირები უკვე მხატვრულ ფორმატში – ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ეს არ არის რეალური ამბის ერთი-ერთში რეტროსპექტივა.
ჩემთვის ახლა მთავარი სხვა რამეა – სად წაიყვანს ეს წიგნი მკითხველს. მადლობა მათ, ვისაც არ მოერიდა და უკვე მომწერა დაახლოებით ასეთი სიტყვები: „ეს ჩემი ცხოვრებაა…“
– ანუ წიგნში არის რაღაც, რაც სინამდვილეში ზუსტად ასე მოხდა?
– არის. და სწორედ ამიტომ არ გეტყვით – რა. ზოგი ეპიზოდი მთლიანად მხატვრულია, ზოგი რეალური ამბიდან მოდის, ზოგი ფრაზა კი სიტყვასიტყვითაა შენარჩუნებული. მკითხველმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, სად დამთავრდა ცხოვრება და სად დაიწყო ლიტერატურა.
– წერილიც?
– წერილზე მით უმეტეს – არაფერს გეტყვით. წერილი იმისია, უნდა წაიკითხოთ.
– წიგნში ერთი სიყვარულია თუ ორი?
– წიგნში დიდი სიყვარულია, რომელსაც ებრძვიან. განა ეს საკმარისი არ არის? რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს?
– სპოილერს ერიდებით?
– რა თქმა უნდა. ვისაც წიგნის წაკითხვა სურს, მისთვის შინაარსის წინასწარ გამჟღავნება სწორი არ იქნება. თან ყველას თავისი აღქმა აქვს. არ მინდა, მკითხველს ჩემი ინტერპრეტაცია წინასწარ მოვახვიო თავს.
– 20 ივლისს წიგნში „ანგელოზის კაშკაშა ღამე“ ჰქვია. ეს რეალური თარიღია?
– რეალური თარიღია.
– და რეალური „ანგელოზიც“ არსებობს?
– ახლა უკვე ძალიან ბევრს მეკითხებით. [იცინის] თუმცა გეტყვით, რომ წიგნის მინიმუმ ორი გმირი და, რა თქმა უნდა, „ანგელოზიც“, საზოგადოების გარკვეული წრეებისთვის ნაცნობი ადამიანები არიან. მეტს არ დავაკონკრეტებ. მათი უფლებაა, ოდესმე თავად იტყვიან ამის შესახებ რამეს თუ არა.
ერთს კი გეტყვით: 20 ივლისი ამ წიგნის შემდეგ ჩემთვის კალენდრის ჩვეულებრივი დღე აღარ არის. მინდა, დროთა განმავლობაში ის იქცეს დღედ, როცა ადამიანებს არ მოერიდებათ ხმამაღლა თქვან: „მე შენ მიყვარხარ, ანგელოზო.“ შეიძლება ვიღაცამ პირველადაც სწორედ ამ დღეს უთხრას ეს იმას, ვინც უყვარს.
წარმოიდგინეთ, რამდენი პოზიტიური ენერგია გაჩნდებოდა ერთ დღეს ამ სიძულვილით გაჯერებულ გარემოში. იქნებ დედამიწამაც უფრო ლაღად დაიწყოს ტრიალი.
– წიგნში არის ოთახი, რომელსაც გმირი „სიყვარულის მუზეუმს“ უწოდებს. მგონია, რომ იქ მთელი წიგნი ერთ წერტილში იყრის თავს.
– ალბათ ასეა. იმიტომ, რომ ზოგჯერ ადამიანს სიტყვებით ვერ აუხსნი, რა ჩაიდინა. სარკე უნდა დაუდგა წინ.
– და ეს ოთახი სარკეა?
– ოთახი ფაქტია. სარკე – წიგნის ერთ-ერთი გმირი, ელისე უმცროსი.
– ვის აყენებს ამ სარკის წინ?
– ამას უკვე წიგნში ნახავთ.
– თქვენ თითქოს განზრახ ერიდებით ზოგიერთ პერსონაჟზე იმ ინფორმაციის მიცემას, რომლითაც მკითხველი მათ მაშინვე რომელიმე სოციალურ „უჯრაში“ ჩასვამდა.
– იმიტომ, რომ სწორედ ამ უჯრებზეა წიგნი. მინდა, ჯერ ადამიანი დაინახონ და მხოლოდ მერე აღმოაჩინონ ის ნიშნები, რომლებითაც საზოგადოება მის შეფასებას იწყებს.
– მაგალითად, თუთა?
– მაგალითად, თუთა. მეტს ნუ გამომტყუებთ. [იცინის]
– მაინც რაზეა „ის აქ არის – ანგელოზის კაშკაშა ღამე“ – სიყვარულზე თუ სიყვარულის უფლებაზე?
– ორივეზე. ეს არის წიგნი სიყვარულზე და სიყვარულის უფლებაზე. სიყვარულის გზა არასოდეს არის ია-ვარდით მოფენილი. ძალიან ხალხურად თუ ვიტყვით – ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია. მაგრამ ეკალი პირველ რიგში თვითონ შეყვარებულ ადამიანებს შორის თანაცხოვრების პრინციპების ფორმირებას უნდა გულისხმობდეს და არა იმას, რასაც საზოგადოება აკეთებს თავისი ხშირად უსულგულო და ამორალური წესებით – როცა ვარდის გარშემო ღობეს აშენებს და მერე ადგენს, ვის აქვს ამ ღობის ჭიშკრის გაღების უფლება და ვის – არა.
სიყვარული ინდივიდუალური განცდაა. რამდენი ადამიანიც არსებობს, სიყვარულის იმდენი გააზრება შეიძლება არსებობდეს. ამიტომ დაადგინო წესი, ვის ვინ შეიძლება შეუყვარდეს, ჩემთვის ამორალურია. ზოგჯერ უკიდურესი სისასტიკეც და ბოროტებაც.
– მაგრამ ამ წესებს ადამიანები ხშირად თავადაც ემორჩილებიან.
– სწორედ ეს არის პრობლემა. ზოგი სისუსტის გამო ემორჩილება, ზოგი – შიშის. საბოლოოდ ორივეს ერთი სახელი აქვს – „ხალხის ბოროტი აზრის“ მორჩილება.
„შენი სიყვარული“ შენი პიროვნული კონსტიტუციით უნდა ცხოვრობდეს და არა კლიშეებითა და წესებით, რომლებიც ვიღაცამ დაგიწერა. ადამიანს აქვს უფლება, ისწრაფოდეს ბედნიერებისკენ და ამ უფლების გვირგვინი სიყვარულია.
ადამიანი უამრავი უფლებისთვის იბრძვის და ძალიან სამწუხაროა, რომ სიყვარულის უფლებისთვის უმრავლესობა ჩუმად მარცხდება. ზოგჯერ ვერც კი იაზრებს, რომ ესეც უფლებაა და „ვიღაცას“ არ უნდა აძლევდეს საშუალებას, განუსაზღვროს, ვის და როგორ შეიყვარებს.
– და ვინ არის ეს „ვიღაც“? საზოგადოება?
– სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც თქვენი არსებობაც კი არ იცის, რეალურად რაში შეგიშლით ხელს? ვერაფერში.
„ხალხის ბოროტი ხმა“ ხშირად სწორედ ყველაზე ახლობელი ადამიანების პირით ლაპარაკობს. შეიძლება ეს იყოს დედა, მამა, და, ძმა, შვილი, მეგობარი. რეალურად სიყვარულს მახინჯი სტერეოტიპებით ხშირად ჩვენივე ყველაზე ახლობელი ადამიანები ებრძვიან.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი შინაგანი თავისუფლება. სიყვარულში გამარჯვება მხოლოდ შინაგანად თავისუფალ ადამიანს შეუძლია.
– თუმცა სიყვარულის თავისუფლებაზე საუბრისას ჩნდება კითხვა: აქვს ამ თავისუფლებას ზღვარი? „სიყვარული ყველაფერს ამართლებს“?
– არა. „სიყვარული ყველაფერს გაამართლებს“ საკმაოდ ბოროტი აზრი მგონია.
სიყვარული აბსოლუტურად თავისუფალია, მაგრამ პასუხისმგებლობით დატვირთული. მე რომ შემიყვარდი, ეს არანაირად არ გავალდებულებს, შენც გიყვარდე. ვერავინ აიძულებს ვერავის სიყვარულს. ჩემი ფორმულა მარტივია:ბმე მიყვარხარ – ანუ არ გავნებ.
ვისაც ნამდვილად უყვარხარ, ის არ იკადრებს იმას, რაც შენ დაგაზიანებს და რასაც მერე „სიყვარულის სახელით“ გამართლება დასჭირდება.
პრობლემა ხშირად ისაა, რომ ვიღაც მოგვწონს გარკვეული თვისებებისა თუ გარემოებების გამო და ამას სიყვარულს ვარქმევთ. მერე კი იქ, სადაც რეალურად სიყვარული არც ყოფილა, ადამიანები აკეთებენ იმას, რასაც გამართლება სჭირდება.
ასეთი არასწორი გააზრების ფორმულად მოიფიქრეს კიდეც – სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯიაო. თუ ნამდვილად გიყვარს, ეს სიყვარული შენია. როგორ უნდა შეგძულდეს?
– ანუ უპასუხო სიყვარული თქვენთვის დამარცხება არ არის?
– რატომ უნდა იყოს? მე ასე ვხედავ: მე მიყვარს – ანუ უდიდესი სიმდიდრის მატარებელი ვარ. თუ შენ ამ სიყვარულის, ამ სიმდიდრის თანაზიარი ვერ ხდები – რა მიზეზითაც უნდა იყოს – მე მაინც ჩემს სიმდიდრესთან ვრჩები.
შენ შეიძლება სხვა სიმდიდრე შეიძინო, სხვა სიყვარული იპოვო, მაგრამ ის ზუსტად ის ვერ იქნება, რაც მე მქონდა და რისი გაზიარებაც შენთვის შემეძლო.
აბა წარმოიდგინეთ – ვიღაცას უყვარხართ. რა არის ამაზე დიდი ბედნიერება, იმის მიუხედავად, თქვენ გიყვართ ის თუ არა? ამიტომ მხოლოდ შინაგანად თავისუფალ ადამიანს შეუძლია დაინახოს, რამხელა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ვიღაცას უყვარხარ, და საპასუხო ემოციის მიუხედავად მადლიერი იყოს ამ სიყვარულისთვის.
– მაგრამ როცა პასუხს ვერ იღებ, ამ სიყვარულს რა უნდა მოუხერხო?
– მე მიყვარს ამის ერთი მეტაფორით ახსნა. წარმოიდგინეთ, უკაცრიელ ადგილას მიმოფანტული ძვირფასი ქვები იპოვეთ და მათგან უძვირფასესი სამკაული გააკეთეთ. ყელზე გიკეთიათ, ხშირად ეხებით, მოგწონთ თვითონ სამკაულიც და ისიც, როგორ გამშვენებთ.
სიყვარულიც ასეთია. თუ ხვდებით, რომ პასუხს ვერ იღებთ, ან რაღაც დასრულდა, შეიძლება კიდევ კარგა ხანს ატაროთ ეს სამკაული. შემდეგ კი თქვენს ყველაზე ძვირფას ზარდახშაში შეინახოთ. ხანდახან ამოიღოთ, ისევ გაიკეთოთ, სარკეში ჩაიხედოთ, მერე მოიხსნათ და კვლავ ზარდახშაში დააბრუნოთ.
შეიძლება ახალი სამკაულის დროც დადგეს. მაგრამ ის მაინც თქვენია. თქვენთანაა.
და ზარდახშა რა არის? გული. ამიტომაც ვამბობ: სიყვარულს წარსული დრო არ აქვს.
– ეს ხომ შეიძლება სიყვარულის რომანტიზებად და წარსულში ცხოვრებად იქცეს?
– დაკვირვებულხართ, როგორი ლამაზია შეყვარებული ადამიანი? ის ყველაფრისთვის მზადყოფნაა – თვით სიკვდილისთვის. სიყვარული ხომ უკიდურესი ერთგულებაცაა და როგორ შეიძლება რომანტიკული არ იყოს?
მაგრამ სიყვარულის ერთგულება არ ნიშნავს რეალობის უარყოფას. შეიძლება მიხვდე, რომ რაღაც ვერ შედგება. შეიძლება ისიც მიიღო, რომ ადამიანს, რომელიც შენ გიყვარს, სხვა უყვარს. და სწორედ იმიტომ, რომ არ დააზიანო ის, ვინც გიყვარს, დიდი ტკივილით იღებ ამ რეალობას. ჩერდები მოქმედებაში – არა ემოციაში.
უბრალოდ გამოდიხარ იმ ოთახიდან ფეხაკრეფით და კარს მოიხურავ. ყელსაბამი კი შენია. შენთან რჩება, შენს ზარდახშაში. და მერე ეს გაძლევს ახალი ცხოვრების უფლებას – წარსულში ცხოვრების გარეშე.
– უფროსი ელისესა და ლუსიეს ისტორია სწორედ ასეთი მარცხია?
– მარცხი? ადამიანებს უყვართ დრამა, ცრემლი. ეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. პრობლემა ის არის, რომ წინა გამოცდილებას ხშირად გაკვეთილად არ ვიღებთ. ზოგჯერ ემოციური მაზოხისტებივითაც ვიქცევით – საკუთარ თავს ტკივილს ვაყენებთ და მერე ამ ტკივილში ცხოვრებას ვაგრძელებთ.
მე მინდოდა მეჩვენებინა, რომ ეს მორალური მაზოხიზმი უნდა დასრულდეს და წინა თაობის ან სხვა ადამიანების შეცდომებმა რაღაც უნდა გვასწავლოს.
სიყვარული პატარა ბავშვს ჰგავს, რომელიც სიარულს სწავლობს. შეიძლება წაბორძიკდეს, წაიქცეს კიდეც. კარგია, თუ აღმოჩნდება ვინმე, ვინც ხელს შეაშველებს და წამოაყენებს.
დანარჩენს აღარ გეტყვით, თორემ ისევ სპოილერთან მივალთ. [იცინის]
– ერთი რამ მაინც ვიცით – წიგნი ჰეფი ენდით მთავრდება. რატომ იყო ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი?
– მე მქონდა კონკრეტული ფაქტი – დიახაც, ტკივილიანი. მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ, როცა „საშიში იდეალისტები“ დავწერე, საკუთარ თავს პირობა მივეცი: რა ტკივილი და დრამაც არ უნდა იყოს წიგნში, ჩემი ნაწარმოები სინათლით უნდა დასრულდეს.
ჰეფი ენდი ჩემთვის უბრალოდ ბედნიერი ფინალი არ არის. ეს იმედია.
იმედი ადამიანს ბრძოლის უნარს აძლევს. ეუბნება, რომ მის ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს სინათლე, თუ სწორად დაინახავს პროცესებს და საკუთარი სიყვარულისა და ცხოვრების განკარგვის უფლებას სხვას არ გადასცემს.
– და ვისთვის არის ეს წიგნი?
– ყველა თაობისთვის. ეს არის წიგნი მათთვის, ვისაც უყვარს, ვინც უყვართ, ვისაც უყვარდა და ვისაც ეყვარება.
ეს არის წიგნი სიყვარულზე და, ვიმეორებ, სიყვარულის უფლებაზე.
– და ერთი წინადადება მკითხველს?
– გიყვარდეთ. და აუცილებლად იყავით მადლიერი იმის, ვისაც უყვარხართ.
ესაუბრა ნანა ინწკირველი.














