გეგა შენგელაია: თქვენ ხმას მისცემთ ზუგდიდის მშვიდ განვითარებას, აღმშენებლობას, კეთილდღეობას და კარგ მომავალს

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს, რომელმაც ჩემ მიმართ გამოაცხადა ნდობა და მომცა შესაძლებლობა, თქვენთან ერთად შემექმნა უკეთესი მუნიციპალიტეტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრ რამეს შევცვლით ამ ქალაქში, გავაკეთებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს. ზუგდიდის მერობა არის ძალიან საპასუხისმგებლო, თუმცა იმ ხედვებით, იმ კონკრეტული გეგმით, რომლითაც მე ჩემს გუნდთან ერთად მოვდივარ – მე დარწმუნებული ვარ თქვენი დიდი მხარდაჭერით ყველაფერს შევძლებთ და ავაშენებთ უკეთეს ზუგდიდს.

თქვენ იცით, მე მაქსიმალურად უზრუნველვყოფ თითოეული თქვენგანის ჩართულობას თვითმმართველობის საქმიანობაში, მაქსიმალურად მოვარგებ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თქვენს საჭიროებებს. ჩვენი ქალაქი თქვენთან ერთად და ჩვენი კონკრეტული გეგმის მიხედვით უკეთეს რეალობაში იცხოვრებს.

თქვენ კარგად იცით, რომ ზუგდიდში უკვე ხორციელდება 50 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი. მე ვიქნები იმის გარანტი, რომ აღნიშნული პროექტები განხორციელდება ხარისხიანად და კეთილსინდისიერად. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება თითოეულ პენსიონერზე, თითოეულ სოციალურად დაუცველზე, თითოეულ დევნილზე და ზოგადად ზუგდიდელზე ზრუნვა, რასაც, თქვენთან ერთად დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად გავართმევ თავს.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების გვერდში დაყენება და ახალგაზრდული იდეებით, ახალგაზრდული შემართებით უკეთესი მუნიციპალიტეტის შენება. ჩვენ ახალგაზრდებისათვის ავაშენებთ ახალგაზრდულ ცენტრს, სადაც მათ საშუალება ექნებათ იდეები შემოგვთავაზონ და ეს იდეები უკეთესი მომავლისათვის განვახორციელოთ.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კარგად გვესმის, რომ ზუგდიდში არის საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემა. მე გპირდებით, რომ ჩემი მერობის პერიოდში სრულად მოვაგვარებ აღნიშნულ პრობლემას და ზუგდიდში იქნება კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა. უკვე დაწყებულია 10 ახალი გზის მშენებლობა და 100-ზე მეტი ქუჩის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მალე უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს.

ასევე კარგად იცით, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ხორციელდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაა. აღნიშნული მეგაპროექტი გახდება ძალიან ბევრი ზუგდიდელის დასაქმების ადგილი და ძალიან დიდ სარგებელს მოუტანს არამარტო ჩვენს მუნიციპალიტეტს, არამედ მთელ ქვეყანას.

ჩემი და ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოფლის მეურნეობა. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევაა თხილის მოსავლის გადარჩენა. აღნიშნული მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც – ჩვენი მხარდაჭერით და შესამაბამისი ცოდნით აღჭურვილი ადამიანები შეძლებენ თავიანთი თხილის ბაღების გადარჩენას, რაც ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მეგობრებო, მე 38 წელი ვიცხოვრე ზუგდიდში და მომავალშიც აქ ვაპირებ ცხოვრებას. მე დავიბადე და გავიზარდე ჩემს მშობლიურ ქალაქში, ვსწავლობდი მე-2 საჯარო სკოლაში და მთელი ბავშვობა აქ გავატარე. ძალიან კარგად მესმის თქვენი საჭიროებები, ძალიან კარგად მესმის ჩემი ზუგდიდელების სატკივარი და დარწმუნებული ვარ, თქვენი ჩართულობით, მაქსიმალურად გავართმევთ თავს ამ საკითხების გადაწყვეტას.

და ბოლოს, როცა თქვენ მიხვალთ საარჩევნო უბნებთან და შემოხაზავთ 41-ს, თქვენ ხმას მისცემთ ზუგდიდის მშვიდ განვითარებას, აღმშენებლობას, კეთილდღეობას და კარგ მომავალს.

ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩვენ ერთად ავაშენებთ უფრო კეთილმოწყობილ, უფრო წელში გამართულ და ტურისტებისთვის მიმზიდველ ზუგდიდს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას-აცხადებს ზუგდიდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელაია.

banner
წინა სტატიაშიანი წითლიძე: იმ ძალით მოყვანილი ხალხიდან ხმას რამდენი გაძლევს თუ იცი?
შემდეგი სტატიაგოჩა მირცხულავა:ზვიად ძიძიგური ყველაზე ნაკლებად ასოცირდება ზვიად გამსახურდიას იდეალებთან