გედევან ფოფხაძის დასჯა გამოვიდა – ბექა ნაცვლიშვილი

“ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით“- ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნება სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარემ, ბექა ნაცვლიშვილმა გააკეთა. დეპუტატი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურის განხილვას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, იურიდიული კომიტეტიდან გაწვევით „ქართული ოცნების“ წევრებმა გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელიასადმი მხარდაჭერის გამო დასაჯეს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, მას ეკა ბესელიას პოზიციის სჯერა, რომ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მოსამართლეთა 10-კაციანი სიის გამო დატოვა.

„არ არის მკაფიო ანრი ოხანაშვილის პოზიციები მოსამართლეებთან დაკავშირებით, ყოველ შემთხვევაში მისი მკაფიო პოზიცია მათ მიმართ არ მსმენია. ეს იქნება ძალიან სამწუხარო ფაქტი, თუ იურიდიულ კომიტეტს უხელმძღვანელებს ადამიანი, რომელსაც მკაფიო პოზიციები არ აქვს ამ მოსამართლეებთან დაკავშირებით. ამ საკითხის მიმართ ეკა ბესელიას დამოკიდებულება უფრო უკეთესად ვიცი, ვიდრე ირაკლი კობახიძის. რადგან ეკა ბესელიას გაცხადებული აქვს ეს, რომ მოსამართლეების საკითხს უკავშირდება მისი გადაწყვეტილება, მე მისი მჯერა. დასჯა გამოვიდა გედევან ფოფხაძის, ასეთი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე,“- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

“ქართული ოცნების” ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.

banner
წინა სტატიაშიH1N1-ის ვირუსით კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადავით ჭიჭინაძე ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს