„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი გედევან ფოფხაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში თავისუფლების აღკვეთა ჩვეულებრივ ამბად იქცა.
ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ სანაია მისი პრინციპული და შეუპოვარი პოზიციის გამო „ამოიჩემა“.
„არ ვიცი, რომელი ევროპული სტანდარტით ხელმძღვანელობენ. ვახო სანაიას მეტყველებაში ისეთი არაფერია, რომ საციხოდ გაიმეტონ. ეს არასდროს დამთავრდება, თუ ქმნი რეჟიმს — ეს არის კლასიკური ორუელი. ვიღაცებმა გადაწყვიტეს, გვაცხოვრონ „1984“-ის სცენარში, მაგრამ როცა დიქტატურის ასეთი ელემენტები ჩნდება, ის ვეღარ გადარჩება“, — განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
ცნობისთვის, ჟურნალისტი ვახო სანაია საკუთარ სახლთან დააკავეს. მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მას ფეისბუქ-პოსტების გამო 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ეს სანაიას უკვე მეორე დაკავებაა — ივლისში მას 14-დღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

















