19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

გედევან ფოფხაძე: საქართველოში რუსული მმართველობის მოდელის დანერგვა არ გამოვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან წასვლას ეხმაურება.

როგორც მან  „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რომ ქვეყანაში საკადრო გადაწყვეტილებებს კონსტიტუციური ინსტიტუტების გვერდის ავლით იღებენ.

„ქვეყანაში კორუფცია დაკანონებულია, ლეგალური გახდა. ე.ი. კორუფციის უფლება აქვს ყველას. უბრალოდ, თუ რამე სხვა შეგეშლება, კორუფციას წამოგაძახებენ. კორუფცია არა თუ აკრძალულია, არამედ წახალისებულია. ავტორიტარულ ქვეყნებში მორჩილების და კონტროლის ძალიან კარგი მექანიზმია. თუ შენი მინისტრები და დეპუტატები კორუმპირებულები არიან, მათი მართვა და მანიპულირება უფრო მარტივია.

პარლამენტს უნდა ევალებოდეს გაარკვიოს კულტურის მინისტრი რატომ წავიდა და რატომ მოვიდა. პარლამენტს არც მოსვლა ჰკითხეს და წასვლას რატომ ჰკითხავენ? ამიტომ, პარლამენტს ვერ ჰკითხავ რატომ წავიდა. გამოდის, რომ მინისტრების მოსვლა და წასვლა, მოსამართლეების არჩევა, დეპუტატების არჩევა ლეგალური სივრციდან გასულია. ჩვენ მივიღეთ ქვეყანა სადაც კერძო პირი, რომელსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ აქვს, მარტივად წყვეტს ამ ქვეყნის ბედს“,- განაცხადა ფოფხაძემ.

ფოფხაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში რუსული მმართველობის მოდელის დანერგვის მცდელობა მიმდინარეობს, თუმცა მიიჩნევს, რომ საზოგადოება ამას არ შეეგუება. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე ყოველდღიური საპროტესტო აქციები ამაზე მიუთითებს.

მისივე თქმით, შემოდგომაზე პროტესტის ახალი ტალღაა მოსალოდნელი

„რუსული სტანდარტი გადმოაქვთ. მგონია, რომ საქართველო ამას მტკივნეულად მიიღებს. არ მგონია ქართველების მორჩილების ხარისხი რუსებთან და ბელორუსებთან მიახლოებული იყოს. არ გამოვა, რადგან საქართველოში ყოველდღიური პროტესტია. რუსეთში, როდესაც ოპოზიციური მიტინგები დაიშალა, პროტესტიც ამასთან ერთად მოკვდა. არ მგონია საქართველოში ასეთი რამ მოხდეს, პირიქით მგონია. ქართველი ხალხი ამას ძალიან მტკივნეულად მიიღებს. ამ მხრივ შემოდგომაზე ველოდები პროტესტის ახალ ტალღას. აქეთა ფლანგი ამის პროვოცირებას გვიკეთებს.

გასაგებია, რომ ამათ პირობებში სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება, ვერც საერთაშორისო მიმღებლობა მოხდება. დაცინვაა, როდესაც ტრადიციულ ღირებულებს თავის თავზე ირგებენ. საქართველოსთვის ტრადიციული ღირებულებები ილია ჭავჭავაძეა. სად არის ილიას ღირებულები? ამ ვითარებაში სად არია ილია, ვაჟა, შოთა? როდესაც ოკუპანტს თავს უხრი, როდესაც განსხვავებული შეხედულების ადამიანებს დევნი“, – განაცხადა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილის და “ნაცმოძრაობის” მიზანია, ხელისუფლებაში მოვიდნენ და ბიზნესი არეკეტონ,
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი: მგონი, მიხეილ სააკაშვილი უფრო ადმირალ ნელსონად გამოვა, ნილოსის ომში წავა და ნაპოლეონს დაამარცხებს