გედევან ფოფხაძე : სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში მოსვლით, ჩვენს შვილებს მომავალი არ ექნებათ

მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დამტკიცებით, სააკაშვილის ეპოქას დავაბრუნებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა ჯერ უმრავლესობის ფორმატში არ მომხდარა.

„პროცედურა რომლითაც ამ საკითხის განხილვა დაიწყო, აშკარად არასრულფასოვანია. ყველა კანდიდატის განხილვა უნდა მოხდეს სრულფასოვნად. საზოგადოების მაქსიმალური ყურადღების ცენტრში უნდა მოექცეს ეს პროცესი და ყველამ კარგად უნდა გავათვიცნობიეროთ, რომ როგორი მართლმსაჯულებაც გვექნება, ისეთი ქვეყანა გვექნება. ჯერ არ მინდა პერსონალიებზე გადავიდე, მაგრამ ნებისმიერი მოსამართლე მაღალი პროფესიული ავტორიტეტით და უმწიკლო ბიოგრაფიით უნდა სარგებლობდეს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას დაირღვა სტანდარტი.

„ასე განხილვა არ ხდება. პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის ინსტიტუციური კონსენსუსი უნდა მოხდეს. ის, რომ შენ გაქვს წარდგენის უფლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ვიღაცამ უნდა დაადასტუროს შენი წარდგენილი კანდიდატი. ჯერ პარლამენტში კანდიდატებია წარდგენა სწორად უნდა მოხდეს. ისინი მოვლენ აქ და ჩემს პოზიციას მერე გამოვხატავ. საკომიტეტო მოსმენაზე უნდა მოვიდნენ. შემოგვხედავენ თვალებში და იმ კითხვებზე გასცენ პასუხები, რასაც ჩვენ დავუსვამთ. გეტყვით, რომ ამასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია ძალიან პრინციპულია. მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ეპოქის მოსამართლეების დამტკიცებით ჩვენ უბრალოდ სააკაშვილის ეპოქას დავაბრუნებთ. ყველას უნდა გვესმოდეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმის მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში მოსვლით, ჩვენს შვილებს მომავალი არ ექნებათ. ეს ძალიან მარტივი და ყველასთვის ნათელია“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციანი სია გუშინ გაასაჯაროვა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

banner
წინა სტატიაშიახალი წლის ღამეს გირჩი ზურა ჯაფარიძეს მეკვლედ აქირავებს
შემდეგი სტატიაქუთაისში H1N1 ვირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა