გედევან ფოფხაძე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა წევრმა გედევან ფოფხაძემ დატოვა. ფოფხაძემ მიზეზებზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა და თანაგუნდელები საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა.

დეპუტატი მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. მისი თქმით, ერთ-ერთი განმაპირობებელი მოტივი კი საპრეზიდენტო არჩევნებია.

ფოფხაძის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას მოსახლეობა აღარ ენდობოდა. სწორედ ამის გამო „ოცნების“ წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყეს და დაჰპირდნენ, რომ მდგომარეობა შეიცვლებოდა, რაც ფოფხაძის შეფასებით, არჩევნების დასრულების შემდეგ არ მოხდა.

„ჩვენსა და მოსახლეობას შორის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა და ეს ბზარი ოფიციალურად გაგვიფორმა საზოგადოებამ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე, როდესაც გვითხრა, რომ ჩვენ თქვენ არ მოგვწონხართ, არ გვინდიხართ, ან რაღაც ქენით და ჩვენ ვუთხარით მეორე ტურში, რომ ვიზამთ, შევიცვლებით, უკეთესები გავხდებით, ოღონდ ახლა ნუ გაგვწირავთ ბოლომდე და ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ ვიქნებით უკეთესები და მეორე ტურს ეს არ მოჰყვა. არათუ უკეთესობაზე არავინ არ დავიწყეთ ფიქრი, არამედ დაიწყო კიდევ უფრო დიდი ბზარის გაჩენა საზოგადოების წინაშე და ხალხმა დაინახა, რომ ის დაპირება იყო ძალიან დიდი ტყუილი და მე არ მინდა, ამ ტყუილი თანამონაწილე ვიყო,“ – ამბობს ფოფხაძე.

გედევან ფოფხაძემ მმართველი გუნდის წამოსვლის მთავარ მიზეზად მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის გადავადებაზე კანონპროექტის ჩავარდნაც დაასახელა და აღნიშნა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი სასამართლოს არ უნდა მართავდეს.

„იმის ნაცვლად, რომ დამთავრებული ქართული ოცნების ნაციონალიზაციის პროცესი, იდეების დონეზეც და პერსონების დონეზეც, ჩვენ დავიწყეთ ფიქრი იმაზე, როგორ გავაჩუმოთ ქართულ ოცნებაში ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვს,“ – ამბობს გედევან ფოფხაძე.

დეპუტატი ხელისულებაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზეც საუბრობს.

„დღეს სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხი არის განულებული,“ – აღნიშნა ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშიისინი მიდიან კობახიძის ოპოზიციაში-რომან გოცირიძე ბესელიას და მისი თანამოაზრეების წასვლაზე
შემდეგი სტატიაეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას ქმნის