ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე დაპირისპირებასა და ერთიანობის აუცილებლობაზე პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.
“პალიტრანიუსის” გადაცემა “პოლიტქალაქში” ფოფხაძემ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებაში შიდა დაპირისპირება მხოლოდ მმართველი გუნდის ინტერესებში შედის, ოპონენტებმა კი აქცენტი წარსულის გარკვევის ნაცვლად, საერთო მიზანზე უნდა გადაიტანონ.
ფოფხაძის განცხადებით, ოპოზიციურ სპექტრში არსებული უთანხმოება დიდწილად ემოციური ხასიათისაა, თუმცა დღეს ქვეყანას პრაგმატული მიდგომა და ერთიანობა სჭირდება.
„ჩვენ ერთად ვდგებით არა ერთმანეთის სიყვარულით, არამედ საქართველოს სიყვარულით, ეს არის ვალდებულება. ამიტომ, მე ვიღაც ჩემს გვერდით მომწონს თუ არა, იმას მოვწონვარ თუ არა, ეს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი. თუ შენ შენი სამშობლო გიყვარს და გინდა რეალური ცვლილებები, რაღაცებს უფრო პრაგმატულად უნდა შეხედო“, — აღნიშნავს პოლიტიკოსი.
















