გედევან ფოფხაძე : ხალხი ხმას არჩევნებში იმ პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელიც ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დაუჭერს მხარს

მოსახლეობის უმრავლესობას ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება სურდა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხალხის ინტერესსა და პრეზიდენტის პოზიციას შორის წინააღმდეგობა შეიქმნა, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძის აზრით, ხალხი ხმას არჩევნებში იმ პოლიტიკურ ძალას მისცემს, რომელიც ქორწინების თემაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დაუჭერს მხარს.

”ჩვენთვის რეფერენდუმის ჩატარება თვითმიზანი არ იყო. უბრალოდ, როდესაც ქორწინებასთან დაკავშირებით ჩვენს მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტის განხილვა ხდებოდა მოსახლეობასთან, მოსახლეობა გამოთქვამდა აზრს იმის შესახებ, რომ თუკი ამ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობდა, აზრი ხალხისთვის გვეკითხა. დემოკრატიის ძალიან გავრცელებული ფორმაა, როცა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით კითხვას ხალხს უსვამ. შესაბამისად, მგონია, რომ რეფერენდუმის ჩატარებაზე უარის თქმა იმ მოტივითა და არგუმენტით, რაც პრეზიდენტმა დაასახელა, ზოგადად, არასწორია. ამ ლოგიკით ნებისმიერი არჩევნები და მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული აზრი შეიძლება არალეგიტიმურად ჩავთვალოთ, რადგან ხელისუფლებაში ”მრგვალი მაგიდის” ყოფნის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია. საკითხის ასე დასმა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე რეფერენდუმის ჩატარება მიზაშეწონილი არ არის, ეს იმას ნიშნავს, რომ არც არაფერი უნდა ჩაატარო, ვიდრე ტერიტორიულ მთლიანობას არ აღადგენ. ეს კი ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ხელს არ შეუწყობს”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ სრულიად რეალურია მომავალ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა, რომელიც ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს.

”ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტში ”ქართული ოცნების” ეს ინიციატივა საკონსტიტუციო ცვლილებად იქცეს”, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშიმცხეთიდან დიდგორამდე ახალი გზა გაკეთდება
შემდეგი სტატიათვითმკვლელობა პოლიციის მხრიდან სავარაუდო მუქარის გამო – 22 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო