„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და პოლიტიკიდან წასვლას ეხმაურება.
ტვ პირველის ინფორმაციით, ფოფხაძის შეფასებით, მდინარაძის გადადგომა მოულოდნელი არ ყოფილა და ეს ირაკლი კობახიძის პოლიტიკური პოზიციების დასუსტებასა და მმართველი პარტიის შიდა გადაჯგუფებებს უკავშირდება.
„ის, რომ ეს მოხდებოდა, ყველამ ვიცოდით — ჯერ კიდევ მაშინ, როცა კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა და გამოაცხადა, რომ ეს კაცი ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიდისო. ლილუაშვილსაც მაშინ სპეციალურად შეუქმნეს სამინისტრო, სადაც უნდა წასულიყო, მერე აღმოჩნდა, რომ ერთმანეთში ვერ გაარკვიეს.
ეს არის თვალსაჩინო და მარტივად წინასწარმეტყველებადი სტანდარტი, რომელიც ‘ქართულმა ოცნებამ’ შექმნა. ამ სისტემაში არავინ არაფერს წარმოადგენს, ყველა განულებულია. შესაბამისად, არც კობახიძე წარმოადგენს რამეს და არც არასდროს წარმოადგენდა. კობახიძესაც უკავშირდება მდინარაძის წასვლა და ზარდიაშვილთანაც არის ეს პროცესი დაკავშირებული“, — განაცხადა ფოფხაძემ.
ყოფილი დეპუტატის თქმით, მმართველ გუნდში ყველა საკადრო გადაწყვეტილებას მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი იღებს, ხოლო დანარჩენი ლიდერები უუფლებო ფიგურები არიან.
„ბიძინა ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც მას ჰყავს მარტო პაიკები. არცერთი სხვა ფიგურა მაგიდაზე არ არის — ნებისმიერი პაიკი შეუძლია რაღაც მომენტში სხვა ფიგურად აქციოს ან შეწიროს. დღეს პრემიერ-მინისტრიც აღაფერს წარმოადგენს და მას ივანიშვილი, როცა მოუნდება, მაშინ შეუცვლის ადგილს“, — აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
მამუკა მდინარაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა პატიმრობაში მყოფი ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილი, სადაც მან მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის დავალებით უკანონო გარიგების შუამავლობაში დაადანაშაულა, რაც მდინარაძემ უარყო.















