„ქართული ოცნების“ ყოფილი თანაგუნდელი გედევან ფოფხაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, არსებული მმართველობის სისტემა ამხილოს. პოლიტიკოსის განცხადებით, სხვა შემთხვევაში ღარიბაშვილი ვერც საკუთარი თავისა და ვერც ოჯახის დაცვას ვერ შეძლებს, რადგან ქვეყანაში შეიქმნა ძალადობრივი სისტემა, რომელიც არავის ინდობს. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.
„ზუსტად ვიცი, რა უნდა გააკეთოს ღარიბაშვილმა, მაგრამ ის ამას არ აკეთებს. მან პირველ რიგში უნდა იფიქროს იმაზე, რომ ქვეყანაში ეს უსამართლო სისტემა შეიქმნა და ის უნდა ამხილოს. თუ ჩათვლის, რომ ამ სისტემის პირობებში შეძლებს თავის დაცვას, ეს ილუზიაა.
როგორ ავუხსნა ირაკლის, რომ ცუდი იყო, როცა ივანიშვილის პოზიციები გაამაგრა; ცუდი იყო, როცა სანქცირებულ მოსამართლეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და ამით ამაყობდა — ეს ყველაფერი ახლა მას შემოუბრუნდა. პრობლემა უკვე კერძო კონფლიქტი კი არ არის, არამედ შეიქმნა ტერორისტული, ძალადობრივი სისტემა. გადავხედოთ, როგორ ჩამოიშორეს კვირიკაშვილი, გახარია, ღარიბაშვილი კი საერთოდ ციხეში გაუშვეს. ყველა მათგანი ივანიშვილის პრემიერი იყო და არა ქვეყნის“, — აცხადებს გედევან ფოფხაძე.














