„გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულების ასლი სამინისტროში დაცული არ არის

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, ირმა ინაშვილმა პრესკონფერენციაზე, „გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროსთვის მის მიერ გაგზავნილი წერილის პასუხი გაასაჯაროვა. როგორც ირმა ინაშვილმა განაცხადა, მიღებული პასუხიდან ირკვევა, რომ ენერგეტიკის სამინისტოში ხელშეკრულების ასლი დაცული არ არის და არც ის ჩანს, თუ ვინ მოაწერა ხელშეკრულებას ხელი ქართული მხრიდან.
„როგორც თქვენთვის ცნობილია, მე მივმართე ენერგეტიკის სამინისტროს და მოვითხოვე კონტრაქტის ასლი და პასუხი მივიღეთ შემდეგნაირი, რომ ენერგეტიკის სამინისტროს აღნიშნული წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდება არ შეუძლია. კერძოდ, შპს „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულების ასლი არ არის დაცული სამინისტროში“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული წერილიდან ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან ხელშეკრულებას შპს „გაზპრომ-ექსპორტმა“ მოაწერა ხელი, ხოლო, რადგან ხელშეკრულების ასლი სამინისტროში დაცული არ არის, უცნობი რჩება ვინ მოაწრა ხელი ხელშეკრულებას საქართველოს მხრიდან. მისივე თქმით, ეს შეიძლება იყოს რომელიმე შპს, რომელიც „რაღაც უფლებამოსილებით, ვიღაცამ აღჭურვა, თუმცა ესეც უცნობია“.
დავით თარხან-მოურავმა აღნიშნა, რომ ერთადერთი რისი დადგენაც მათ საკუთარი არხებით მოახერხეს, ეს გაზის სატრანზიტო ფასია, რომელიც ახალი ხელშეკრულებით სამჯერ ნაკლებია. „როგორც ჩვენ დავადგინეთ, სატრანზიტო ღირებულების ფასი, თუ ჩვენ გადავიანგარიშებთ ას კილომეტრს ათას კუბომეტრზე, ასეთი ფორმულით ხდება ანგარიში, არის 2 დოლარი და 70 ცენტი, მაშინ როდესაც ვიღებდით 8 დოლარს და 41 ცენტს. ეს არის სამჯერ ნაკლები თანხა“, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა. მისივე თქმით, ეს ეკონომიკური კუთხით ძალიან წამგებიანი ხელშეკრულებაა და ზარალი ყოველწლურად 30 მილიონ დოლარზე მეტი იქნება.
პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განცხადებით, ამ ხელშეკრულებას თან ახლავს მეორე პრობლემაც, რომელიც შაჰ-დენისის გაზსადენს უკავშიდება. დავით თარხან-მოურავის თქმით, შპს „გაზპრომ-ექსპორტთან“ დადებული ხელშეკრულება გახდება პრეცენდეტი და აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანულმა მხარემ შეიძლება სატრანზიტო ტარიფზე გადასვლა მოითხოვოს.

banner
წინა სტატიაშიზაზა გაბუნია ანა დოლიძის განცხადებას მიესალმება
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სასამართლომ ვერ გაბედა გამამართლებელი განაჩენი და ფორმული პროცედურით თავიდან აიცილა ხანგრძლივი პატიმრობა