“გაზპრომმა”, იტალიურ და ბერძნულ კომპანიებთან რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ მემორანდუმი გააფორმა

რუსულმა ენერგოგიგანტმა “გაზპრომმა”, იტალიურმა კომპანიამ Edison SpA-მ და ბერძნულმა DEPA SA-მ რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ინფორმაციას დოკუმენტის გაფორმების შესახებ “გაზპრომი” ავრცელებს. შეთანხმებას რომში ალექსეი მილერის იტალიური და ბერძნული კომპანიების აღმასრულებელ დირექტორებთან მარკ ბანაიუნთან და თეოდოროს კიტსაკოსთან შეხვედრისას მოეწერა ხელი. მემორანდუმში საუბარია საბერძნეთში და შემდგომ იტალიაში რუსული გაზის შავი ზღვის გავლით მიწოდებაზე. ამგვარად, შეიქმნება რუსული ბუნებრივი აირის ევროპაში ტრანსპორტირების სამხრეთის მარშრუტი. ბერძნული კომპანია DEPA SA-ის დირექტორის თეოდოროს კიტსაკოსის თქმით, ახალი პროექტი ხელს შეუწყობს ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას და საბერძნეთის, როგორს მსხვილი ენერგოდერეფნის, როლის გაზრდას.

გავრცელებული ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმომწერი მხარეები გეგმავენ გამოიყენონ პროექტ ITGI Poseidon-ის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოების შედეგები. აღნიშნულ პროექტზე კომპანიები Edison და DEPA ერთობლივად მუშაობდნენ.

ITGI – ანუ Interconnector Turkey-Greece-Italy – გაზის სამხრეთ დერეფნის ნაწილია, რომელიც აზიიდან და კასპიის რეგიონიდან თურქეთის გავლით გაზის ტრანსპორტირებას საბერძნეთსა და იტალიაში ითვალისწინებს. პროექტი Poseidon კი ITGI-ის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია საბერძნეთისა და იტალიის გაზის სატრანსპორტო სისტემების იონის ზღვის ფსკერზე შეერთება.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტი ეკა მიშველაძე დღეს არასამთავრობოებს შეხვდება
შემდეგი სტატია“25 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოსთვის”