ჩხოროწყუსა და წალენჯიხის გაზიფიცირების საკითხი – რას პასუხობს სამინისტრო 4500 ხელმოწერას

2015 წლის განმავლობაში ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონის სოფლების გაზიფიცირება ვერ მოხდება. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტშია ნათქვამი. ოფიციალური დოკუმენტი ,,თაიმერმა“ უწყებიდან უკვე გამოითხოვა.
,,აღნიშნული საკითხი იმყოფებოდა დამუშავების პროცესში,მაგრამ დღევანდელი დღის მდგომარეობით, საქართელოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის # 153 განკარგულების ,,საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ“ საფუძველზე სამწუხაროდ, 2015 წლის განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნების ფარგლებში ვერ განხორციელდება ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონის სოფლების გაზიფიცირება. ამასთან ერთად მოგახსენებეთ, რომ ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს მასშტბით ჩასატარებელი გაზიფიცირების სამუშაოების 2016–2017 წლების გეგმის შემუშავება, რომელშიც შეძლებისდაგარად გათვალისწინებული იქნება ჩხოროწყუსა და წალენჯიხის რაიონის სოფლების გაზიფიცირების საკითხიც“– ნათქვამია სამინისტროს ოფიციალურ წერილში.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 თებერვლის განკარგულებით წელს ლაგოდეხის, ქარელის, კასპის, ონის, დუშეთის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ტყიბულის, წყალტუბოს, ზესტაფონის, აბაშსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაზიფიცირება მოხდება. აღნიშნული სამუშაოებისთვის ენერგეტიკის სამინისტრომ მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალი ოცი მილიონი ლარით გაზარდა.
შეგახსენებთ ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა 4500-მდე ოჯახმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცე -პრემიერ კახა კალაძეს და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს მიმართა მოთხოვნით, რომ დაიწყოს ამ რაიონების გაზიფიცირება, რასაც შესაბამისი ხელმოწერებით დაადასტურეს. აღნიშნული საკითხის ინიციატორებად წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარები ლევან ქარდავა და ვახტანგ ლემონჯავა ითვლებიან.

banner
წინა სტატიაშიTurkish Airlines-მა დაბომბვის საშიშროების გამო იძულებითი დაჯდომა განახორციელა
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო