“გავრილოვის ღამით” დაიწყო “ქართული ოცნების” ნიღბის ჩამოხსნა – პარტია „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.
მისი თქმით, 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია.
“გავრილოვის ღამით” დაიწყო “ქართული ოცნების” ნიღბის ჩამოხსნა. პირველად აქ გამოვლინდა მისი რუსული შინაგანი არსი და სახე, ქართული სიტყვის უკან დამალული რუსული მენტალობა. ამას მოჰყვა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, ანაკლიის მშენებლობის ჩაშლა, გაყალბებული არჩევნები, რუსული კანონი და ყველა დასავლელ პარტნიორთან ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა. 20 ივნისს მოხდა რუსული მთავრობის სრული ლუსტრაცია.
26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა დაასრულოს საბჭოთა მმართველობა საქართველოში!”- წერს მამუკა ხაზარაძე.
გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 5 წელი გავიდა – 2019 წლის 19 ივნისს “ქართულმა ოცნებამ” საპატიო რანგში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში დასვა.
რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას საზოგადოების მძლავრი პროტესტი მოჰყვა.
ხუთი წლის წინ, 20-21 ივნისის ღამეს, საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიან მომიტინგეებს თვალები დათხარა და მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე 300-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს. ათობით ადამიანი დაშავდა და მათგან კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის 38 ჟურნალისტია, 80 სამართალდამცველი. რამდენიმე მოქალაქემ, კერძოდ, მაკო გომურმა, გიორგი სულაშვილმა, კობა ლეთოდიანმა რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგეს.