პროკურორი-აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია

“ექსპერტიზამ დაადგინა, გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც ლაშა გოგიასა და გია გულორდავას მიერ ქრთამის აღებაზეა საუბარი, ავთენტურია,”- ამის შესახებ საქმის პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბრალდების მხარის პოზიცია იქნება, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა.

„ლაშა გოგია და გია გულორდავა დაკავებულები არიან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. მოცემულ საქმეზე სისტემატურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაიკითხა ათეულობით მოწმე და ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა. ჩვენ მიერ მოპოვებულია გავრცელებული ჩანაწერის ორიგინალი ვერსია, რომელზეც დაინიშნა ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნით, რომელიც ოქტომბრის ბოლოს მოვიპოვეთ, დადასტურდა მისი ავთენტურობა. მტკიცებულებითი სტანდარტის შექმნის შემდგომ დაუყოვნებლივ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ მომხდარიყო ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავება. დღეს ბრალდების მხარე მოითხოვს, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახეთ გამოყენებული იყოს პატიმრობა იქიდან გამომდინარე, რომ საქმეში არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები”, – განაცხადა პროკურორმა.

გამოძიების ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21 500 აშშ დოლარი. შეთანხმების მიხედვით, 11 500 აშშ დოლარი განკუთვნილი იყო გულუას ბაღის იჯარით გადაცემისთვის, ხოლო 10 000 აშშ დოლარი – რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის იჯარით გადაცემისთვის. 2018 წლის მაისში იმავე მოქალაქემ 10 000 აშშ დოლარი პირადად გადასცა გია გულორდავას, ხოლო 11 500 აშშ დოლარი მათთვის გადასაცემად 2018 წლის 7 ივნისს ჩარიცხა გია გულორდავას მიერ მითითებული პიროვნების ხ.ბ-ს სახელზე, საბანკო გზავნილის სახით, რასაც საბოლოოდ დაეუფლნენ გია გულორდავა და ლაშა გოგია.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა – გიორგი გახარიას ვთხოვ, ბრტყელ-ბრტყელ საუბარს ჯობია სწორი დავალება გასცეს და კანონში ჩაიხედოს
შემდეგი სტატიაპეკინის ქუჩაზე სამარშრუტო ტაქსი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა