,,გავიგეთ, კალაძეს მაგარი გარდერობი და „სელფის“ ჯოხი რომ აქვს, მაგრამ ასე ფონს ვერ გავა – არაფრის „გარტყმაში“ არ არიან”

ინიციატივა ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაგებაში არ არიან, რას აკეთებენ, – ასე აფასებს თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ტაქსის მძღოლებს საშუალება უნდა მიეცეთ, გარკვეული წლოვანების ავტომობილების შემოსაყვანად ბანკიდან თანხები აიღონ.

მისი თქმით, პირველ რიგში, მერიამ უნდა მიხედოს სხვა საკითხებს ტრანსპორტის სფეროში, ბოლოს კი – ტაქსებს.

”ინიციატივა ტაქსების რეგულირებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გაგებაში არ არიან, რას აკეთებენ. წარმოდგენა არ აქვთ ამ ქალაქში გადასადგმელი ნაბიჯების რიგითობაზე და თანამიმდევრობაზე. მეც ვემხრობი, რომ ტაქსების რეგულაცია საჭიროა, მაგრამ ეს ერთ-ერთი ბოლო საკითხია, რომელიც უნდა გააკეთო ქალაქში ტრანსპორტის მოწესრიგების თვალსაზრისით. ეს ადასტურებს, რომ კალაძეს არაპროფესიონალები ჰყავს შემოკრებილი. თვითონაც პოლიტიკოსია და ამ ურბანულ საკითხებში ვერ ერკვევა, მაგრამ გუნდი მაინც უნდა ჰყავდეს ისეთი, ვინც იცის ასეთი საკითხები და ვისაც ჭკუა მოეკითხება და იცის, რა რის მერეა გასაკეთებელი ტრანსპორტში. გადმოიყვანა ენერგეტიკის სამინისტროდან ადამიანები, რომლებმაც წარმოიდგინეს, რომ რადგან კალაძემ არჩევნებში გაიმარჯვა და მთავრობაში არიან, ყველაფერი კარგად ესმით. ტაქსებს უნდა მიხედო ბოლოს, მას შემდეგ, რაც მიხედავ ტრანსპორტის სფეროში სხვა საკითხებს, სატრანსპორტო სისტემას ახლებურად დაარეგულირებ და ა.შ. როგორც პოლიტიკოსისთვის, ჩემთვის კარგია ეს ამბავი, რადგან გადაიმტერებენ ამომრჩეველს, მაგრამ როგორც ამ ქალაქის მცხოვრებისთვის, ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ქალაქი დაზარალდება. ამ მიდებულ-მოდებული და ქაოტური გადაწყვეტილებებით, ისევ ქალაქს შეექმნება პრობლემები, თორემ მე რა… შემიძლია გარედან დავდგე და ვიცინო, როგორ უთავბოლოდ ეხეთქებიან აქეთ-იქით. კალაძემ თავისი გარდერობის დემონსტრირებას და „სელფებით“ კეკლუცობას, სჯობს, რომ ერთი-ორი პროფესიონალი აიყვანოს. გავიგეთ, რომ ძალიან მაგარი გარდერობი და „სელფის“ ჯოხი აქვს, რომელსაც ყოველდღე რთავს, მაგრამ ასე ფონს ვერ გავა და დაემხობა ეს ქალაქი ისევე, როგორც დაემხო სხვა მერებს. თვითონ არ იცის და სხვასაც არ უსმენს. ვიღაც ხმალაძეები და „ტიპები“ ჰყავს, რომლებიც „გარტყმაში“ არ არიან არაფრის და შედეგიც შესაბამისი გვაქვს. ჩემი რჩევა იქნება, რომ ტაქსებს მიხედონ 1.5-2 წლის შემდეგ, მანამდე კი აუცილებელი ნაბიჯები გადადგას. თუ არ იცის, შემიძლია დავუწერო და გადავუგზავნო და იმ ხალხის სახელები და გვარები ვუთხრა, ვინც იციან”, – განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს ტაქსების რეგულირების პროცესში საბანკო სექტორის ჩართვას, რათა ტაქსის მძღოლებს საშუალება მიეცეთ, გარკვეული წლოვანების ავტომობილების შემოსაყვანად თანხები აიღონ.

როგორც კალაძემ „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა, ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხს მერია ერთიან კონტექსტში განიხილავს და არა მხოლოდ ტაქსების რეგულირების კუთით.

„ტაქსების მიმართულებით უნდა დავიწყოთ აღრიცხვით, ვინაიდან არავინ იცის, თუ რა რაოდენობის ტაქსი მოძრაობს თბილისში. კანონპროექტი პარლამენტში შეტანილია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ უცებ, წელსვე ერთბაშად შევიტანოთ ეს ცვლილებები, რადგან ეს სერიოზული ტვირთი იქნება ტაქსის მძღოლებისთვის, მაგრამ ამ პროექტის ეტაპობრივად განხორციელება მნიშვნელოვანია იმისთის, რომ ქალაქში ტაქსები მოწესრიგებული იყოს. რა თქმა უნდა, ეტაპობრივად გააჟღერებს, რა ფერი უნდა იყოს ტაქსი, მარჯვენა საჭე უნდა იყოს თუ არა და ა.შ.“ – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიფოთში ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაევროპაში ისეთივე აქტიური ვიქნები… პოროშენკო ჩემს იზოლირებას ვერ შეძლებს – მიხეილ სააკაშვილი