გაუგებარია, ადგილობრივი ხელისუფლება რეგიონში ჩასულ პრეზიდენტს არ ხვდებოდეს – ზურაბიშვილი

დღეს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი საერთაშორისო კონფერენციას მართავს, სადაც მთავარი განსახილველი საკითხები ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი და წინასაარჩევნო გარემო იქნება. ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა.

ზურაბიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საარჩევნო პროცესში მოქალაქეების მაღალ აქტიურობასა და ემიგრანტების მონაწილეობაზე. რაც შეეხება ეროვნული თანხმობის პროცესს, მან თქვა, რომ საზოგადოება ერთიანია, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია და რომ მოქალაქეებს არ უნდათ რუსეთი.

ზურაბიშვილი კამპანია “ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში დიდი ხანია შეხვედრებს მართავს, მან აღნიშნა, რომ პრობლემაა, როცა რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას არ ხვდებიან. მისივე თქმით, არის ფაქტები, როცა სკოლის მოსწავლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ შეხვედრას არ დაესწრონ. მან გააკრიტიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც:

“რაც უფრო ნათელი არის საზოგადოების მოთხოვნები და საზოგადოების გამოხატული მოთხოვნა, მით უფრო, პარტიები აეწყობიან ამ მოთხოვნებზე. ეს არის დემოკრატია რეალურად და არა პირიქით, რასაც სამწუხაროდ წლებმა და სხვადასხვა რეჟიმებმა მიგვაჩვია. მე ვწუხვარ ერთ რამეზე, რომ ამ უზარმაზარი, ეროვნული თანხმობის მიმართ, არის რაღაც გულგრილობა, მე ვიყავი სოფლებში, ჩემთვის ძალიან გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე, არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანი არის მხოლოდ ერთი ეს ევროპული გზა საქართველოსი. კიდევ უარესი, ბავშვებისთვის, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის და არც ის არ მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერინონ ამ ძალიან მარტივ, თუ წაიკითხეთ განცხადება, ამაზე მარტივი და არაპოლიტიკური, იმ გაგებით, რომ არ არსებობს და ამაზე უარს ამბობს რექტორი, რომ შიგნით არ შეიძლება იმიტომ, რომ ეს არის ვითომ რაღაც პოლიტიკური ღონისძიება”, – თქვა ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშილავროვი OSCE-ს შეხვედრაზე სხვა მარშრუტით ჩაფრინდა, რადგან ბულგარეთმა ზახაროვას შეშვებაზე უარი თქვა – მედია
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალი კაპიტალის ბაზრების ყოველკვირეულ მიმოხილვას უკვე ქართულადაც აქვეყნებს