გაუჩინარებული ორი რუსი აქტივისტი, პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთისთვის დააკავა – შს სამინისტროს განცხადება

გაუჩინარებულ ორ რუს აქტივისტზე, ვოლოდიმირ დუბოვსკისა და მის შეყვარებულ ალინა საველიევაზე, რომლებსაც მეგობრები ეძებდნენ, შსს განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირები უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში ასევე უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

“თაიმერი” უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის წარმოებაშია ათეულობით სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეების უკანონო გზით მიგრაციას ეხება.

შს სამინისტრომ პრიორიტეტად დაისახა დანაშაულებრივი მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ხორციელდება შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა, რომლებსაც ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.

გარდა ამისა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.

აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაკავებულები ამ დროისთვის გადაყვანილი არიან, წინასწარი დაკავების იზოლატორში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიუკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ერთმანეთს კვირის ბოლოს შეხვდებიან
შემდეგი სტატია“ხვალ უნდა ვაჩვენოთ რეჟიმს, რომ ეს პროტესტი არსად წასულა” – გიორგი სავანელი