,,გაწირა საქართველოს სახელმწიფომ, გაწირა ხელისუფლებამ” – ხატია დეკანოიძე გია ცერცვაძეზე საუბრობს

საქართველოსა და უკრაინის ომის გმირს, გიორგი ცერცვაძეს პატივი პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა მიაგეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, გია ცერცვაძე საქართველოს გარდა, უკრაინაშიც გმირულად იბრძოდა.

„გაწირა საქართველოს სახელმწიფომ, გაწირა ხელისუფლებამ. არავითარი დახმარება მისთვის არ აღმოუჩენიათ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ უფრო მეტიც, არავინ თავდაცვის სამინისტროდან აქ არ არის, არავითარი სამძიმარი და მას უარი უთხრეს მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალვაზე, იმიტომ, რომ რეალურად თვლიან, რომ ის არ იყო ღირსი ამის,“ – განაცხადა დეკანოიძე.

გია ცერცვაძის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ნაცვლად გორის სამოქალაქო სასაფლაოზე დაკრძალვას ხელისუფლების სირცხვილად მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს არც ერთი მაღალჩინოსანი არ დაესწრო დაკრძალვას, რაც ქვეყნის სირცხვილი და შეურაცხყოფაა.

„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გივი თარგამაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ინდეფერენტულად არის განწყობილი.

„ეს არის მათი ზოგადი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების, ოკუპანტებთან მებრძოლების მიმართ. მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოებამ დაამტკიცა დღესაც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და შემდგომში დაამტკიცებს, რომ საქართველო თავის გმირს არ დაივიწყებს,“ – განაცხადა თარგამაძემ.

გია ცერცვაძის დაკრძალვას ასევე დაესწრო გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძეც. ჟურნალისტმა მმართველი გუნდი მწვავედ გააკრიტიკა.

ჟურნალისტი, რადიო „აფხაზეთის ხმის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ლაშა ბერულავა ამბობს, რომ საქართველოში მოქმედი კანონის თანახმად გია ცერცვაძეს ეკუთვნოდა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალვა.

„ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ მებრძოლი, რომელსაც მიღებული აქვს მონაწილეობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, არასაბრძოლო ვითარებაში დაღუპვის შემთხვევაშიც კი გათანაბრებულია საომარ მოქმედებებში დაღუპულ მებრძოლთან,“ – განაცხადა ლაშა ბერულავამ.

გია ცერცვაძე რამდენიმე დღის წინ მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გია ცერცვაძე ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში კიევში მკურნალობდა. მან მკურნალობის კურსის ჩატარება ევროპის ქვეყნებში ვერ შეძლო, რადგან რუსეთის ფედერაცია წითელი ცირკულარით ეძებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. ის მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს ომში, ყველა მოვლენის თვითმხილველი იყო, სწორედ ამიტომ, გია ცერცვაძის თავიდან მოშორება რუსეთის ნომერ პირველ ამოცანად იქცა.

ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო პირი და სპეცდანიშნულების გამოცდილი თანამშრომელი 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, გათავისუფლების მიზეზები კი არ აუხსნეს. 2017 წლის იანვარში მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორ გაუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსეთის მიერ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ქართველი სამხედრო, ისე რომ არ გააფრთხილეს, რომ მას რუსეთი ეძებდა.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობოების ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ, შესაძლოა, ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა ხდებოდეს
შემდეგი სტატია“ბიუჯეტი იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც წელს, განვახორციელებთ იმაზე მეტ პროექტებს, ვიდრე განხორციელდა”