,,გასული ერთი წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც გარდამტეხი, რადგან შეიქმნა სწორი განვითარების საფუძვლები”

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა, საკრებულოს სხდომაზე, მიმდინარე წელი შეაჯამა და 2019 წლის ბიუჯეტზე ისაუბრა. მისი თქმით, იმისათვის, რომ შეფასდეს ახალი ადმინისტრაციის საქმიანობა, აუცილებელია მისი შედარება სხვა ხელისუფლებების საქმიანობასთან.

შაქარიშვილის თქმით, მიღებული მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა და სწორედ ამ მემკვიდრეობის გამოსწორებას მიაქვს პრიორიტეტების ნახევარი.

„VI მოწვევის საკრებულოში სამი ოპოზიციური ფრაქციაა წარმოდგენილი, აქედან ორის ერთობლიობა, რასაც ნაციონალური მოძრაობა ერქვა, წლების განმავლობაში, ყოველგვარი სტრატეგიის გარეშე, უპრინციპოდ და დანაშაულებრივად მართავდა ქალაქს, მათი გაფუჭებულის გამოსწორებას დიდი ძალისხმევა, დიდი დრო და ულევი ფინანსური რესურსი სჭირდება. სხვაგვარად წინსვლა შეუძლებელია“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ მიმდინარე წელი გარდამტეხად შეაფასა და განაცხადა, რომ ჩაისხა ფუნდამენტი მომავალი სწორი განვითარებისთვის. მან ქალაქის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ფუნდამენტურ და თვისობრივ ცვლილებებს გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ წლების განმავლობაში ამ ქალაქში იყიდებოდა მოქმედი მოედნები, სკვერები, საზოგადოებრივი დანიშნულების სივრცეები, ტროტუარებიც კი. ახალი ხელისუფლების პირობებში კი, თბილისს ეს სივრცეები უბრუნდება.

„სულ ცოტა ხნის წინ ქალაქს დავუბრუნეთ იპოდრომის მიმდებარედ თქვენს მიერ გასხვისებული კორტები. წლების განმავლობაში ამ ქალაქში კერძო ინტერესებს ეწირებოდა სკვერები და პარკები, დღეს ჩვენ ვინარჩუნებთ და ვქმნით ახალ ასეთ სივრცეებს. წლების განმავლობაში საქალაქო მნიშვნელობის, საშვილიშვილო გადაწყვეტილებებს ერთი კაცის ხუშტურებზე იღებდნენ, ჩვენ დავაბრუნეთ რიგითი თბილისელები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წლების განმავლობაში ამ ქალაქს ამახინჯებდნენ ისე რომ დღეს ქირურგიული ჩარევითაც რთულია მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ ჩვენ ამას ეტაპობრივად ვასწორებთ“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

შაქარიშვილმა ქალაქის ურბანული პოლიტიკის შექმნისა და სატრანსპორტო სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

რაც შეეხება 2019 წლის ბიუჯეტს, ვახტანგ შაქარიშვილის თქმით, დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტს ოპოზიცია უსაფუძვლოდ აკრიტიკებს.

„როდესაც რუსი ჩეკისტის მხარდამჭერი პარტია ფსევდო-ევროპული საქართველო მილიარდიან ბიუჯეტზე უსაფუძვლო კრიტიკას დაიწყებს, არ შემიძლია მათ არ შევახსენო მათი ლიდერის და მათი მერის მიერ თბილისელებისთვის მოპარული 48 მილიონი ლარი, ვფიქრობ მორალური შემაკავებლის არსებობისთვის ეს დანაშაული საკმარისი უნდა იყოს“,- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიიგორ კოპალიანი: ჩვენი ფუნქცია დევნილთა უფლებების დაცვაა“
შემდეგი სტატია,, დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ, ამ ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, თქვენთან ერთად წამოვალ, არ მეშინია”