ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (Eurostat) მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირიდან მესამე ქვეყნების მოქალაქეების დაბრუნების მაჩვენებელი წლიურად 21%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან მესამე ქვეყნებში (ევროკავშირის არაწევრი ქვეყნები) სულ 135 460 ადამიანი დაბრუნდა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წელს მესამე ქვეყნების მოქალაქეების დაბრუნების უმეტესობა – 59.4% ნებაყოფლობით განხორციელდა, ხოლო 40.6% – იძულებით.
თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. მაგალითად, ლიეტუვიდან სამშობლოში დაბრუნებულთა 97.2% ნებაყოფლობით დაბრუნებად აღირიცხა, მაშინ როცა იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებულთა 100% კლასიფიცირდა როგორც იძულებითი დაბრუნება.
გასულ წელს ყველაზე მეტი დაბრუნება დაფიქსირდა გერმანიიდან (29 295 ადამიანი), საფრანგეთიდან (14 940 ადამიანი) და შვედეთიდან (11 250 ადამიანი). აღსანიშნავია, რომ გერმანიიდან მესამე ქვეყნის მოქალაქეების დაბრუნება 48.3%-ში იძულებით განხორციელდა, ეს მაჩვენებელი საფრანგეთის შემთხვევაში 41.4%, ხოლო შვედეთის შემთხვევაში – 37.1% იყო.
იმ ქვეყნების მოქალაქეებს შორის, რომლებიც 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, პირველ ადგილზეა თურქეთი (13 405), ხოლო მეორე ადგილზე – საქართველო (10 475). მათ მოსდევს სირია (8 370) და ალბანეთი (8 020).
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების მაჩვენებელი 2021–2024 წლებში ზრდის ტენდენციას აჩვენებდა, თუმცა 2025 წელს მცირედი კლება დაფიქსირდა.















