9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

გაშიშვლება და ბუქნები, როგორც დასჯის მეთოდი-“საერთაშორისო გამჭვირვალობა” სისტემურ წამებაზე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ინფორმაციით, 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ საქართველოს არაერთი მოქალაქე გახდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არაერთი მათგანის უფლებები დაირღვა მაშინ, როცა ისინი სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ – ანუ დაკავებულები იყვნენ.

“ამიანების ცემას სისტემური ხასიათი ჰქონდა. ასევე სისტემური ხასიათი აქვს მშვიდობიან აქციებში მონაწილე პირების მიმართ დამამცირებელი მოყრობის კიდევ ერთ ფორმას – იზოლატორებში გაშიშვლებასა და ბუქნების გაკეთების იძულებას, მათ შორის ქალების მიმართ. ადამიანები თავს იკავებენ ამ პრობლემაზე საჯაროდ საუბრისგან, თუმცა იმ პირების ნაამბობდიდან, რომლებმაც საჯაროდ გადაწყვიტეს საუბარი, ნათელია, რომ დაკავებულების მიმართ ასეთ მოპყრობას სისტემური ხასიათი აქვს.

საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით გაშიშვლების ფორმები და წესები

წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) განმარტებით, სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება.  შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების თანახმად, პირადი დათვალიერების დროს დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. დამიანის უფლებათა დაცვის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიშის საპასუხოდ, სადაც ადამიანების სრულად გაშიშვლების პრობლემაზე იყო საუბარი, საქართველოს პარლამენტმა 2023 წელს დადგენილება მიიღო და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სთხოვს „გააძლიეროს პენიტენციური დაწესებულებების დებულებების იმ ნორმების აღსრულების მონიტორინგი, რომლებიც პატიმრის სრული შემოწმებისას მისი სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების საკითხს არეგულირებს“.

ჩხრეკის უკანონო და დამამცირებელ პრაქტიკად არის შეფასებული Amnesty International-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში სხეულის სრული გაშიშვლების იძულება. სრულად გაშიშვლების თაობაზე არაერთი დარღვევა აქვს  დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, სადაც განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც, მითუმეტეს გაშიშვლებას თან ახლავს დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ქცევა, ასეთი ქცევა არღვევს კონვენციის მე-3 მუხლს, რომლითაც აკრძალულია წამება, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა.

ამ პრინციპების საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც ერთ-ერთი დაკავებული პირის სრულად გაშიშვლებას და ბუქნების გაკეთების იძულებას ეხებოდა, განაცხადა, რომ „ნებისმიერ დაწესებულებაში როცა ხდება ადამიანის შესახლება, გაშიშვლება სავალდებულოა“.

აღნიშნულ პრობლემაზე ღიად და ხმამაღლა საუბრის დაწყების მოტივაცია სხვა ადამიანებისათვის დაკავებაში ყოფნის და მსგავსი პროცესის გავლის შემსუბუქება იყო. ამ ბლოგში მოგიყვებით იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც ეს გზა გამოიარეს და სისტემის მხრიდან არაადამიანურ მოპყრობას დაექვემდებარნენ. ეს სია არასრულია, რადგან დაკავებულების ნაწილს არ სურს ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი.

გაშიშვლების ტენდენციები ქართული მართლმსაჯულების სისტემაში

ძირითადი პრაქტიკა პირების გაშიშვლებასთან დაკავშირებით შემდეგია: როდესაც პირს აკავებენ მისი ჩხრეკის დროს ხდება მისი სრული გაშიშვლება, მათ შორის დაფიქსირებულა შემთხვევები, როდესაც გაშიშვლება ხდება დამამცირებელი და ღირსების შემლახველი კომენტარების თანხლებით. გაშიშვლებას უმეტეს შემთხვევაში თან სდევს ხოლმე ბუქნების გაკეთების მოთხოვნა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტის თანახმად გაშიშვლება უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, დასაბუთებული ეჭვის საფუძველზე და არა ერთდროულად, არამედ ეტაპობრივად კონკრეტული ზონების გაშიშვლებით, საქართველოში დაკავებულ პირებს ერთდროუალად სრულად აშიშვლებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც სრულად გაშიშვლების პრაქტიკა გამოიყენეს პირის სახლის ჩხრეკის დროს, როდესაც ის დაკავებული საერთოდ არ იყო”,_ აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო”.

გავრცელებული ინფორმაციით, გაშიშვლების მავნე ტენდენციის მსხვერპლი საქართველოში სხვადასხვა დროს დაკავებული ადამიანები გახდნენ, მათ შორის, ელენე ხოშტარია, გელა ხასაია.

banner
წინა სტატიაშისენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა
შემდეგი სტატია1 აპრილიდან ირიგაციის ახალი ტარიფი ამოქმედდება – რას აცხადებენ “საქართველოს მელიორაციაში”