“გასაზიარებელია ელჩების განცხადებების პათოსი” – წერილს კიდევ ერთი მოსამართლე გაემიჯნა

“30 წლის მანძილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები [ისიც ჩვენივე თხოვნით] აფინანსებენ სხვადასხვა პროექტს ქვეყანაში დემოკრატიზაციის და პროგრესის, ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით”, – ამის შესახებ ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დევი დევიძე Facebook-ზე წერს და საერთაშორისო პარტნიორების საპასუხოდ შემუშავებულ წერილს ემიჯნება.

მინდა გამოვეხმაურო მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას საქართველოს მეგობარი ქვეყნების [ელჩები ხომ განცხადებებს საკუთარი სურვილებით არ აკეთებენ?!] პოზიციასთან დაკავშირებით და აღვნიშნო, რომ 30 წლის მანძილზე ჩვენი დასავლელი პარტნიორები [ისიც ჩვენივე თხოვნით] აფინანსებენ სხვადასხვა პროექტს ქვეყანაში დემოკრატიზაციის და პროგრესის, ინსტიტუტების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით. დიდი მადლობა მათ ამისთვის! (იმედია, ისინი კიდევ გააგრძელებნ საქართველოს მხარდაჭერას)

ფინანსური დახმარება არ არსებობს რჩევის, გამოცდილების გაზიარების, კეთილი სურვილების, შეცდომებზე მითითების და საღი კრიტიკის გარეშე. ამის გარეშე ყოველგვარი ფინანსური ინტერვენცია ჯანსაღ იდეას და ლოგიკას იქნება მოკლებული. დარწმუნებული ვარ, მეგობარ ქვეყნებს სურთ იხილონ ძლიერი საქართველო ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით, რათა დაიკავოს ღირსეულ ადგილს ევროპულ (ევროატლანტიკურ) ოჯახში. სხვაგვარად შეუძლებელიც არის, – ეს ჩვენი ხალხის დეკლარირებული ნებაა!

ბუნებრივია, რომ დასავლეთი მოელის მათი დახმარების, მხარდაჭერის უკუგებას, რადგან გარდა კეთილი სურვილებისა, ეს მათი მხრიდან ანგარიშვალდებულების გამოვლინების ფორმაცაა თავიანთი გადასახადის გადამხდელების/ამომრჩევლების წინაშე.

ვფიქრობ, რომ გასაზიარებელია ელჩების განცხადებების პათოსი პროცესის პრანსპარენტულობის და კონკურენტულობის ნაკლებობასთან დაკავშირებით, – წერს მოსამართლე დევი დევიძე

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბურჯანაძე: სააკაშვილი ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით მოშიმშილე პატიმრად მიიჩნევა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: კადრების გამოქვეყნებით მე ნამდვილად ვერაფერი დამაკლეს