,,გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში”

region
ავტ.: region აპრილი 24, 2019 18:11

,,გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში”

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ევროკომისიის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა. თეა წულუკიანმა სიმონ მორდუსთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის შენარჩუნების შესახებ ისაუბრა და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას აკეთებს საქართველოს მთავრობა უკანონო მიგრაციის შესამცირებლად. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა აღნიშნა, რომ შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების თვალსაზრისით.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ ერთობლივად უვიზო რეჟიმის შენარჩუნებისთვის, რომელსაც ბოლო დროს განსაკუთრებული სიძნელეები შეექმნა. ეს არის რეალობა და ჩვენი პარტნიორები ევროპიდან საუბრობენ უკვე იმაზე, რომ ჩვენი ზოგიერთი მოქალაქე ბოროტად იყენებს უვიზო მიმოსვლის მექანიზმს და გარკვეული ცვლილებები იქნება საჭირო, რათა უვიზო რეჟიმით ისარგებლონ მათ, ვინც კეთილსინდისიერად მიემგზავრება შენგენის სივრცეში და ვინც შემდგომ ბრუნდება. რა თქმა უნდა, ეს არის ამოსავალი წერტილი სწორედ უვიზო მიმოსვლისა, რომ ეს არ არის უფლება იქ წასვლის და დარჩენის ან იქ სამუშაოს მოთხოვნის; ეს არის ტურისტული ან სხვა მოკლევადიანი მიზნებისთვის უვიზოდ მგზავრობის, ჩასვლის და ჩამოსვლის უნიკალური შესაძლებლობა. ვისაუბრეთ იმაზე, რომ უვიზო რეჟიმი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის, ვისაც ევროპული არჩევანი წინაპრების დროიდან აქვს გაკეთებული და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველოს ახალგაზრდა თაობას უვიზო მიმოსვლა შევუნარჩუნოთ“, − აღნიშნა შეხვედრის შემდეგ თეა წულუკიანმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად, რაც ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია, უკვე განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებების ერთი ნაწილი.

region
ავტ.: region აპრილი 24, 2019 18:11