გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვშია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის განცხადებით, სამკვირიანი მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე საჩხერის საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, საავადმყოფო დატოვა მისმა ორმა შვილმაც, რომლებიც ასევე ინფიცირებული იყვნენ კორონავირუსით.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დადგენილი წესის თანახმად, ორკვირიან თვითიზოლაციაში იქნება, შემდეგ კი, ჩვეული რეჟიმით გააგრძელებს მუშაობას.

„დღეს სამივე ჯანმრთელი ვართ და დადგენილი წესის შესაბამისად, ვიმყოფებით ორკვირიან თვითიზოლაციაში. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალს.

განსაკუთრებული მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, რომლებიც მთავრობასთან კოორდინაციით, ყველაფერს აკეთებენ, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ქვეყანაში ახალი ვირუსით გამოწვეული რისკები. აქვე, მინდა, მივმართო ჩვენს მოქალაქეებს – დაემორჩილეთ ქვეყანაში დადგენილ რეგულაციებს, გაუფრთხილდით თავს, გაუფრთხილდით ერთმანეთს და ამით გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანას. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას“, – აცხადებს იური ნოზაძე.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 21 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი მძიმე პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა
შემდეგი სტატიაზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში აფხაზეთიდან გადმოყვანილ 50 წლის ქალს მკურნალობენ