“არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად – სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში განიხილება”,- ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც უწყება გამოეხმაურა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტყუილია, თითქოს რაჭაში ტყე გაიყიდა, რადგან ლიცენზია არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას გულისხმობდა.
სამნისტროს განმარტებითვე, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება ვერ მოხდება.
„ლიცენზია, გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას 5 მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისთვის და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას. ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს – შევხვდით რაჭაში, ასევე, წერილობით გავუგზავნეთ ინფორმაცია ლიცენზიის გაუქმებასთან დაკავშირებული პროცესის შესახებ, მედიაშიც გავავრცელეთ ინფორმაცია. სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით შესაბამის ვადებში. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ ეტაპობრივად ეცნობება საზოგადოებას“,- ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარემოს დაცვის სამინისტროსთან რაჭის ტყეებზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით აქცია 18 ნოემბერს საღამოს 5 საათიდან დაიწყო.
აქციის ორგანიზატორები „რიონის ხეობის მცველები“ და პროტესტის სხვა მონაწილეები, რამდენიმე ასეული ადამიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარშალ გელოვანის გამზირზე შეიკრიბნენ.