გარემოს დაცვის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, ნაძვის ხის უკანონო რეალიზაციისგან თავი შეიკავონ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ახალი წლის მოახლოვებასთან დაკავშირებით, ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში სპეციალური ბრიფინგი “ნუ მოჭრი ნაძვს” გამართა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შეახსენებს მოსახლეობას, რომ სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. ამასთან თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს “წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.
გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, ნაძვის ხეების რეალიზაცია დასაშვებია, თუ იგი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები პრევენციულ ღონისძიებებს ე.წ. ცხელ წერტილებში – სახელმწიფო ტყის ფონდის მიმდებარე ტერიტორიებსა და მისასვლელ გზებზე, ქალაქის შემოსასვლელებთან და დასახლებულ პუნქტებში, ასევე საავტომობილო გზებზე განახორციელებს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მოსახლეობას ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში სპეციალურად გამოყვანილ ნაძვის ხეებს სთავაზობს. სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, თავი შეიკავოს წიწვოვანი ნარგავების უკანონო რეალიზაციისგან.

banner
წინა სტატიაში5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ბრალს კვლავ არ აღიარებს
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: სამწუხაროდ მთავრობა ისევ აცდენილია რეალობას