გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა დაიწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის“ (NEAP 3) შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ დაინტერესებული უწყებების წარმომადგენლებს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამის მომზადების გეგმა გააცნო.
NEAP 3-ის მიზანია არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრისადმი კომპლექსური მიდგომის ჩამოყალიბება, მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა და მათ მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა. შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერი ალვარო ორტეგა აპარისიო, საერთაშორისო ექსპერტი იერჟი სარნაცკი, ქართველი ექსპერტები და სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამას საქართველოს მთავრობა ხუთ წელიწადში ერთხელ ამზადებს. იგი წარმოადგენს გარემოს დაცვის სფეროში არსებული პრიორიტეტების შესაბამისად დაგეგმილი ქმედებების გამაერთიანებელ დოკუმენტს. გარემოსდაცვითი საკითხების კომპლექსურობიდან და დარგთაშორისი ხასიათიდან გამომდინარე, ეს დოკუმენტი არ არის მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს სამოქმედო გეგმა, არამედ ის გულისხმობს სხვა პარტნიორი და ჩართული სამინისტროების, სამთავრობო უწყებებისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობების კოორდინირებულ ქმედებას. გარემოს დაცვის მესამე ეროვნულ პროგრამაში მოცემული იქნება გარემოსდაცვით სფეროში 2017-2021 წლებში გასატარებელი ქმედებები.

banner
წინა სტატიაში21 სექტემბერს ერთობლივ ლოცვასთან დაკავშირებით პატრიარქის ლოცვა-კურთხევა ვრცელდება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი : ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის მართვა