გარემოს დაცვის კომიტეტში „არ ემ ჯი გოლდის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

როგორ ასრულებს კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდი“ გარემოს დაცვის სამინისტროს მითითებას, რომელიც ბოლნისში კომპანიის მიერ წარმოებული სამთო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრას ითვალისწინებს, – ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში მორიგი შეხვედრა გაიმართება.

ჯგუფი, რომელსაც გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ხელმძღვანელობს „არ-ემ-ჯი გოლდისგან“ მოისმენს, თუ რა ღონისძიებები გაატარა კომპანიამ სამთო სამუშაოების შედეგად დაზიანებული და დაბინძურებული გარემოს აღსადგენად 2018 წლის განმავლობაში.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აღნიშნული ჯგუფი პარლამენტში მონიტორინგის მიზნით მას შემდეგ შეიქმნა, რაც გარემოს დაცვის სამინისტრომ ზიანის შესახებ დასკვნა მოამზადა და მისი გამოსწორების მიზნით კომპანიას რამდენიმეწლიანი პროგრამის შესრულება დაავალდებულა.

„იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, რომ დაგვემატებინა, რაც უნდა გაეკეთებინა კომპანიას. ბევრი კომპონენტი ამ პროგრამიდან კომპანიამ წინსწრებითაც დაასრულა. თუმცა, განვიხილავთ დეტალებს, თუ რა გაკეთდა 2018 წლის ფარგლებში და რა პროგრესი აქვთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, 2019 წლის დასაწყისში პარლამენტში მიიწვევენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, რომელიც ანგარიშის წარდგენისას ამ საკითხზეც ისაუბრებს.

banner
წინა სტატიაშიცესკო ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
შემდეგი სტატიაპარლამენტი “ევროპული საქართველოს” დაგროვებითი პენსიის ალტერნატივას იხილავს