„გარდენიაში“ გაჩენილი ხანძრის გამო სს „თელასის“ ელექტროგადამცემი ხაზების ერთ-ერთი საყრდენი ანძა დაიწვა

საბაღე-სანერგე მეურნეობაში „გარდენია“ გაჩენილი ხანძრის გამო სს „თელასის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების „მახათა-3“ და „ელია-2“ ერთ-ერთი საყრდენი ანძა დაიწვა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „თელასმა“ არაერთხელ მოითხოვა აღიკვეთოს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში სხვადასხვა ობიექტების მშენებლობის ფაქტები, თბილისის მასშტაბით ისევ ფიქსირდება ელექტროდანადგარების მოწყობის და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევის ათეულობით შემთხვევა.

ერთ-ერთი ამგვარი დარღვევა არის სს „თელასის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ საბაღე-სანერგე მეურნეობის გაშენება და შედუღების სამუშაოების განხორციელება. ხანძრის შედეგად ელექტროგადამცემი ხაზების ერთ-ერთი საყრდენი ანძა დაიწვა და კომპანიამ დიდი ზარალი განიცდა, რადგანაც ანძა აღდგენას არ ექვემდებარება და იგი მთლიანად უნდა შეიცვალოს.

კომპანია „თელასი“ კიდევ ერთხელ აფრთხილებს, რომ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზების ქვეშ და მათი დაცვის ზონებში აშენებული ობიექტები შეიძლება არამარტო უბედური შემთხვევების მიზეზი გახდეს, არამედ ისინი ხელს უშლიან გადამცემი ხაზების ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირებას, გეგმიური ტექნიკური მომსახურეობის ან შესაძლო ავარიული სამუშაოების ოპერატიულად და სრულყოფილად განხორციელებას. ყველაფერი ეს კი ნეგატიურ გავლენას ახდენს მომხმარებლების ელექტრომომარაგების ხარისხსა და იმედიანობაზე.

banner
წინა სტატიაშიზვარეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანის შესაძლო მონაწილეობით ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი