11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

გარდაიცვალა ღირსეული წალენჯიხელი მუსიკოსი, ქართული ხალხური სიმღერის დიდოსტატი და მრავალი თაობის აღმზრდელი — ნელი ციმინტია

გარდაიცვალა ღირსეული წალენჯიხელი მუსიკოსი, ქართული ხალხური სიმღერის დიდოსტატი და მრავალი თაობის აღმზრდელი — ნელი ციმინტია. ეს არის უდიდესი დანაკლისი არა მხოლოდ წალენჯიხისთვის, არამედ, მთელი ქართული კულტურისთვის!
ნელი ციმინტია იყო პირველი წალენჯიხელი, რომელმაც კონსერვატორია დაამთავრა და მიღებული ცოდნა, მთლიანად, მშობლიურ კუთხეში ქართული ხალხური მუსიკის განვითარებაში ჩადო. მისი ცხოვრება და შემოქმედება ერთ დიდ მისიად იქცა — ქართული ხალხური სიმღერის შენარჩუნება, განვითარება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა!

წლების განმავლობაში, მან, უამრავი ახაგაზრდა აღზარდა, რომლებიც დღესაც, ღირსეულად ატარებენ იმ სახელს, რომლის აღორძინებისთვისაც ნელი ციმინტია წლების მანძილზე მუშაობდა — სიყვარულით, დისციპლინითა და ეროვნული ფასეულობების ღრმა შეგრძნებით! მისი ხელმძღვანელობით არაერთმა ანსამბლმა და შემსრულებელმა გაითქვა სახელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო წალენჯიხის სახელმა, მრავალჯერ გაიჟღერა სცენებზე, ფესტივალებსა და ოლიმპიადებზე. მის სახელს უკავშირდება უამრავი მნიშვნელოვანი გამარჯვება, რომელიც შრომის, მოთმინებისა და ნამდვილი პროფესიონალიზმის ხარჯზე იქნა მიღწეული.

ნელი ციმინტია არ ყოფილა მხოლოდ პედაგოგი, ან ხელმძღვანელი — ის, იყო მასწავლებელი ცხოვრებისეულ მნიშვნელობაში. მისთვის მუსიკა მხოლოდ ნოტები არ იყო; ეს იყო სული, იდენტობა და პასუხისმგებლობა წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე!

ის გარდაიცვალა, მაგრამ მისი ღვაწლი ფასდაუდებელია. ნელი ციმინტია დარჩება იმ ადამიანთა რიგებში, რომელთა სიცოცხლე ფიზიკურად სრულდება, თუმცა, საქმე და სახელის ნათელი კვალიც მარადიულად განაგრძობს არსებობას. მისი ხმა, მისი გაკვეთილები და მისგან ნასწავლი სიყვარული (ქართული სიმღერისადმი), კიდევ, მრავალი წლის მანძილზე იცოცხლებს!

ნელი ციმინტია მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ცდილობდა, რომ მისი “ოდაბდე” ყოფილიყო გამორჩეული და ცნობილი — მუსიკის ძლიერი კერა, სადაც, ქართული, განსაკუთრებით კი, მეგრული სიმღერა იცოცხლებდა და განვითარდებოდა. მისთვის ეს ადგილი მხოლოდ გეოგრაფიული სივრცე არ ყოფილა, ეს იყო კულტურის სფეროში მისია, რომელსაც დაუღალავად ემსახურებოდა!

მისი განსაკუთრებული დამსახურებაა არაერთი მივიწყებულ-დაკარგული მეგრული ხალხური სიმღერის აღდგენა.

ნელი ციმინტია ძველი ჩანაწერების, ხალხის მეხსიერებისა და ზეპირი ტრადიციის საფუძველზე აცოცხლებდა იმ მელოდიებს, რომლებიც დავიწყებას იყო მიცემული. სწორედ, მისი შრომისა და სიყვარულის წყალობით, ეს სიმღერები, დღეს, კვლავ ჟღერს და აქტიურად სრულდება სხვადასხვა სცენებზე — კონცერტებზე, ფესტივალებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე!

მან შექმნა გარემო, სადაც, მუსიკა მხოლოდ სწავლების საგანი არ იყო — ის ცხოვრების წესად იქცა. მისი კერასთან იზრდებოდნენ შემსრულებლები, რომლებიც დღეს, ღირსეულად აგრძელებენ მის გზას და ქართულ ხალხურ სიმღერას ახალ თაობებს აცნობენ!

ნელი ციმინტია იყო ადამიანი, რომელმაც წარსული მომავალს დაუკავშირა. მან გადაარჩინა ის, რაც შეიძლებოდა სამუდამოდ დაგვეკარგა, და დაგვიტოვა ფასდაუდებელი მემკვიდრეობა!

ის, ფიზიკურად აღარ არის ჩვენ შორის, მაგრამ მისი ნამოღვაწარი დღესაც ცოცხლობს — და ეს არის მისი უკვდავყოფაც!

ნელი ციმინტიას გარდაცვალებას, ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, მის აღზრდილებსა და მთელ წალენჯიხას -ნათელი მის სულს, მარადიული ხსოვნა ღირსეულ მუსიკოსსა და დიდ პიროვნებას!

ავტორი:ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მე 3 მლნ დოლარის „გაფლანგვას” მედავებოდნენ და 9 წელი მომისაჯეს, ღარიბაშვილს კი მითვისებული 6 მლნ დოლარი სახლში უპოვეს და 5 წელი მისცეს – სინამდვილეში, საქმე გვაქვს ივანიშვილის მორიგ უსამართლობასთან
შემდეგი სტატიათბილისსა და ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა