2026 წლის 21 ოქტომბერს, გარდაიცვალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი, თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, გამოჩენილი ნეიროქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ღირსების ორდენის კავალერი ნაპოლეონ მესხია.
ნაპოლეონ მესხია ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. იგი წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში.
მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო და სამძიმარს უცხადებს განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.
პანაშვიდი: 22, 23 და 24 ოქტომბერს, თბილისში, უნივერსიტეტის ქუჩა №6-ში.
გამოსვენება: 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიიდან, საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით (ველოტრეკთან).
ნაპოლეონ მესხიას დაკრძალავენ მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
დაბადების ადგილი: სოფელი ოტობაია, გალის რაიონი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1964 წელს; მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიის ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა და ასპირანტურა.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ტყვარჩელის ქვანახშირის შახტში; 1964 წლიდან ტყვარჩელსა და გალში ქირურგად დაიწყო მუშაობა; 1966 წელს სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა მოსკოვში, ნ. ბურდენკოს სახელობის ნეიროქირურგიის სამეცნიერო-კველვით ინსტიტუტში; ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, 1976 წელს კი, სადოქტორო; 1978 წელს საქართველოში დაბრუნდა; 1980 წელს მისი ინიციატივით აფხაზეთში შეიქმნა ნეიროქირურგიული განყოფილება, რომელსაც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა; 1987 წელს სოხუმში მისი ინიციატივით აფხაზეთის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აშენდა ნეიროქირურგიული კორპუსი; შეიქმნა აფხაზეთის ჯანდაცვის რესპუბლიკური ნეიროქირურგიული ცენტრი, საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფით; საქართველოში პირველმა, წარმატებით ჩაატარა ოპერაციები ტვინის არტერიული და არტერიო-ვენოზური ანევრიზმების დროს; ნეიროქირურგიულ ცენტრში საერთაშორისო სტანდარტებით ტარდებოდა თავისა და ზურგის ტვინის სიმსივნეების, ქალა-ტვინის ტრავმისა და სისხლძარღვთა პათოლოგიების ოპერაციები; მისი შეთავაზებით დაინერგა ოპერაციული ჩარევისა და მკურნალობის არაერთი ახალი მეთოდი; ნ. მესხიას თაოსნობით აფხაზეთში შეიქმნა საზოგადოებრივი-სამედიცინო საქველმოქმედო ასოციაცია “გულმოწყალება”, რომლის პრეზიდენტიც იყო. ავტორია არაერთი გამოგონებისა და სამეცნიერო შრომის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
წყარო: გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”: geworld.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. – გვ.380
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
• აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1991-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
• 2023 – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
მედიცინის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
• 1999 – ღირსების ორდენი
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში, აფხაზეთიდან დევნილთა ევაკუაციისა და სამედიცინო მომსახურებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისათვის
ბიბლიოგრაფია
• როგორ გასხვისდა აფხაზეთი : ფაქტები, ფაქტები, ფაქტები : მწარე სიმართლე დაუფარავად! (ავტორი). – თბილისი, შპს “ჩხორია-2009”, 2009. – 362გვ.. – ISBN: 978-9941-9099-8-6
• აფხაზეთი: მწარე სიმართლე (ავტორი). – თბილისი, 2009. – 72გვ.. – ISBN: 978-9941-0-1120-7














