გარდაცვლილი წვევამდელის ბექა რუსიას საქმის ადვოკატი აცხადებს, რომ ემუქრებიან

ამ წუთებში აბაშაში, გარდაცვლილი წვევამდელის, ბექა რუსიას საცხოვრებელ სახლში პროკურატურის გამომძიებელი იმყოფება. ბექა რუსიას დედა პროკურატურის წარმომადგენლის კითხვებს ადვოკატის თანდასწრებით პასუხობს.

რამდენიმე წუთის წინ ადვოკატის პირად მობილურზე დაფარული ნომრით შევიდა ზარი და ადვოკატის თქმით, მას ამ საქმის ხელახლა გაჟღერების გამო დაემუქრნენ.

პროკურორს, არკადი კვანჭიანს კითხვები ბექა რუსიას პირად მობილურ ტელეფონთან და მასში შენახულ ფოტო და ვიდეო მასალასთან დაკავშირებით აქვს. ბექა რუსიამ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ტელეფონი ბებიას გაუგზავნა და მისი შენახვა სთხოვა.

კადრებში ჩანს, როგორ უსწორდება ერთ-ერთი მეთაური ჯარისკაცს. ასევე, ფოტოებზე აღბეჭდილი არიან ჯარისკაცები, რომლებსაც მეთაურის ტაბელური იარაღი უჭირავთ ხელში.

პროკურატურის წარმომადგენლის კითხვები სწორედ ამ ტელეფონში აღბეჭდილ კადრებს უკავშირდება. ძირითადი კითხვები კადრების წარმომავლობას შეეხება და ასევე, თუ როგორ მოხვდა ტელეფონი საგუშაგოზე, ვინ დააფიქსირა ეს კადრები და როგორ მოხდა შემდეგ ამ ტელეფონის სახლში გამოგზავნა.

ბექა რუსიას დედა შს მინისტრ, გიორგი გახარიასთან შეხვედრად ითხოვს, ასევე მოითხოვს, რომ ახალი გამოძიება დაიწყოს ამ კადრებიდან გამომდინარე და მისი სურვილია, რომ აღნიშნული კადრები ბექა რუსიას საქმის მსვლელობას დაერთოს.

ბექა რუსიას დედამ დღეს ასევე, აღნიშნა, რომ მისი შვილი მასთან საუბარში საგუშაგოდან წამოსვლის სურვილს გამოთქვამდა და ეუბნებოდა, რომ არსებულ უწესრიგობაზე იქიდან გამოსვლის შემდეგ მოუყვებოდა.

გამოძიება ბექა რუსიას ბებიის გამოკითხვას გეგმავს.

წვევამდელის გარდაცვალებიდან 3 თვე გავიდა. აღნიშნულ საქმეზე ერთი პირია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშირუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციები ძალაში შევიდა
შემდეგი სტატიაპაატა ბურჭულაძე სავარაუდოდ, 9 თებერვალს დაიკითხება