გარდაცვლილი შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა

რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა.

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში აქციის დასრულების შემდეგ, ოჯახის წევრებმა პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს. სამართალდამცველებმა ამის უფლება მათ არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილის დედა ირინა წურწუმია, დეიდა, და და ოჯახის მეზობელი ახალგაზრდა კაცი დააკავეს.

სავარაუდოდ ოთხივე მათგანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. ჯერ-ჯერობით უცნობია დაკავებულებს ხელწერილის საფუძველზე გაუშვებენ თუ სასამართლო პორცესი გაიმართება.

19 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრებმა დღეს ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და ცირგაიას მკურნალი ექიმის დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

შოთიკო ცირგაია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გასული წლის ნოემბერში გართულებული პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაში“უშიშროების საბჭო რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომელიც შედის მთავრობის კომპეტენციაში”
შემდეგი სტატიათოქ-შოუ “პროფილი” ეთერში ბრუნდება