გარდაბნის სკოლაში ბულინგის ფაქტს განათლების მინისტრი ეხმიანება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გარდაბანში, მე-7 კლასელზე ძალადობის და და ამის ამსახველი ვიდეოს სოციალურ ქსელში ატვირთვას ეხმაურება.

როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, განათლების სამინისტრო სკოლაში მოკვლევას აწარმოებს, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრო – გამოძიებას.

მისივე თქმით, გამოძიების დასრულების შემდეგ ფაქტზე რეაგირება კანონის ფარგლებში მოხდება.

“განათლების სამინისტრო მოკვლევას აწარმოებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს და ამ საკითხს რეაგირება აუცილებლად ექნება გამოძიების დასრულებისთანავე. განათლების სამინისტრო მოკვლევას სკოლის ჭრილში აწარმოებს. ჩვენ საუბარი გვქონდა სკოლის დირექციასთან, ასევე რესურს ცენტრთან. როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას დაასრულებს, რეაგირება კანონის ფარგლებში იქნება”, – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, სოციალურ ქსელში 20 აპრილს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 140-ე და 157-ე პრიმა მუხლების მეორე ნაწილებით დაიწყო. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ აღნიშნული ვიდეო YouTube-ზე 2017 წლის სექტემბრის თვეში აიტვირთა, თუმცა სოციალურ ქსელში მიმდინარე წლის 20 აპრილს გავრცელდა.

„სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვანი. დადგენილია ის პირიც, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეო ატვირთა, რომელიც, ასევე, არსრულწლოვანია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანი ერთი სკოლის მეშვიდე-მერვე კლასების მოსწავლეა.

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩვენს მიერ დასახელებული კანდიდატი აუცილებლად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში” – ირაკლი კობახიძე
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: საქართველოში პედაგოგების ხელფასები არა მხოლოდ დაბალია, არამედ სამარცხვინოა