“ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ იმიჯი, რომ ვიღაცამ ვერ მოითმინა თუნდაც პროვოკაცია”

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერ გია ვოლსკის შეფასებით, კორცხელში მომხდარი დაპირისპირება დიდი ალბათობით პროვოკაცია იყო.

ვოლსკის განმარტებით, საქართველო არის 21-ე საუკუნის განვითარებული ქვეყანა, სადაც არჩევნების გაყალბება, დაპირისპირება, ზეწოლა, სახლში შევარდნები, ოჯახის წევრების სამსახურიდან მოხსნა 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს.

“თვითონ ეს შეხლა-შემოხლა, ცემა, ჩხუბი არის რაც ჩვენს იმიჯს აზიანებს და ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა ეს საქართველოსთვის არ არის კარგი. მაგრამ არის ერთი თემა, რასაც ჩვენი მხარდამჭერები და მოქალაქეები მეუბნებიან, რომ იქ, ზუგდიდში, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის წაგება ფაქტობრივად, რეალური გახდა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ეს პროვოკაცია იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება იყო კიდევაც პროვოკაცია, ცხელი სისხლი აქვთ ახალგაზრდებს, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ პრინციპებთან, რასაც გიორგი კვირიკაშვილი, როგორც ჩვენი ლიდერი და ყველა ჩვენგანი კარნახობს ამ ქვეყანას. ჩვენ პასუხისმგებლები ვართ საზოგადოების წინაშე, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ საქართველო არის 21-ე საუკუნის განვითარებული ქვეყანა, სადაც არჩევნების გაყალბება, დაპირისპირება, ზეწოლა, სახლში შევარდნები, ოჯახის წევრების სამსახურიდან მოხსნა 2012 წელს ჩავაბარეთ წარსულს. ამაზე მეტყველებს უამრავი ანგარიში საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და ჩვენ არ უნდა დავაკნინოთ იმიჯი, რომ ვიღაცამ ვერ მოითმინა თუნდაც პროვოკაცია,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ზუგდიდის რაიონ სოფელ კორცხელში, სადაც შუალედური არჩევნები მიმდინარეობს, უცნობი პირები “ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

banner
წინა სტატიაში“საერთაშორისო გამჭვირვალობა” – ხელისუფლებამ კორცხელში მომხდარი ინციდენტი დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს
შემდეგი სტატია,,ასეთი ამბები იქნება აქ მანამ სანამ არ იქნება სიმართლის დადგენის პროცესი”