გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

region
ავტ.: region იანვარი 29, 2020 11:45

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, გვერდის – „ჩემი ქალაქი კლავს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოებს ეხმაურება, სადაც ასახულია სოფელ მზიანეთში მოწყობილი სკვერი.

„სად მიდის ჩვენი ფულები“ დასათაურებული ინფორმაცია და ფოტოები სოციალური ქსელით გავრცელდა და საზოგადოებაში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ფოტოების ავტორს, სოფელ მზიანეთში მოწყობილი სკვერი, მისთვის სასურველი რაკურსით აქვს გადაღებული, არ ჩანს დასახლებული პუნქტი და შესაბამისად არც საცხოვრებელი სახლები.

,,მოსასვენებელი სკვერი 2019 წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მზიანეთის მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით გაკეთდა და ადგილმდებარეობაც მათი გადაწყვეტილებით შეირჩა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან 20 მეტრში მდებარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილებების შესახებ არსებობს შესაბამისი კრების ოქმებიც. 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში აღნიშნულ სივრცეზე – დაიგო ბეტონის საფარი, მოეწყო ხელოვნური ბალახის საფარი, დამონტაჟდა მოსასვენებელი სკამები და ტრენაჟორები.

2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში სოფელ მზიანეთისთვის გამოყოფილი თანხებით და კვლავ მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით სკვერის მიმდებარედ, მოეწყობა რეკრიაციული ზონა. ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2020 წელს დამატებით გამოიყოფა გარკვეული თანხა და მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები. ასევე, მიმდინარე წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე აშენდება კომბინირებული მინი სტადიონი“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალური ფეისბუქგვერდის მეშვეობით ავრცელებს.

region
ავტ.: region იანვარი 29, 2020 11:45