გარდაბანში, აქციის მონაწილეებმა და ჩინურმა მხარემ გარკვეულ საკითხზე მოლაპარაკებას მიაღწიეს

თბოსადგურ „გარდაბანი-2“-ის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების საპროტესტო აქცია, დამსაქმებელი კომპანიის ადმინისტრაციასთან რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ დასრულდა. როგორც აქციის მონაწილეებმა, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადეს, მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფისა და ხელფასის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხის განსახილველად სამდღიანი ვადა მოითხოვეს, რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულების გაფორმების, სასმელი წყლით და სასადილოთი უზრუნველყოფას, ამ საკითხების ხვალიდან მოგვარებას დაპირდნენ. ადმინისტრაციასთან გამართულ მოლაპარაკებაზე აქციის მონაწილეებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი სავალან მირზოევი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილიც იმყოფებოდნენ.

თბოსადგურის მშენებლობაზე დასაქმებული ადგილობრივი მუშა-ხელი აცხადებს, რომ თუ მშენებელი კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან გაჟღერებული დაპირება, სამ დღეში არ შესრულდება, საპროტესტო აქციებს ისევ განაახლებენ.

გარდაბანში, კომბინირებული ციკლის თბოსადგურ ,,გარდაბანი 2 -ის“ მშენებლობაზე დასაქმებული მუშები დილიდან გაფიცულები იყვნენ და აქციას მართავდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ არ აქვთ კონტრაქტები და ვერ სარგებლობენ დაზღვევით, ობიექტზე არ არის სასმელი წყალი, სასადილო, ტრანსპორტი, რომ მშენებლობის ადგილამდე მივიდნენ, მოუწყობელია ინფრასტრუქტურა.

banner
წინა სტატიაშიოთარ ფარცხალაძის კომპანიის საპარტნიორო ფონდის პროექტში მონაწილეობა კორუფციასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ შეიარაღების შეძენის ყველა შემთხვევა სამხედრო საჭიროებებს შეესაბამება