“გაოცებული დავრჩი” – ყაველაშვილი კელი დეგნანზე მორიგ განცხადებას ავრცელებს

“ქართული ოცნებიდან” ოფიციალურად წასული დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი აშშ-ის ელჩის განცხადებებს პასუხობს და წერს, რომ გაოცებული დარჩა დიპლომატის გაღიზიანებით.

გარდა ამისა ყაველაშვილი აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია რა შეთქმულებებსა და ტყუილებზე საუბრობს ელჩი.

“ყურადღებით გავეცანი ქ-ნი ელჩის პასუხს და გამოგიტყდებით, რომ გაოცებული დავრჩი იმ დაუფარავი გაღიზიანებით (დიპლომატს უთუოდ მეტი თავშეკავება მართებს), რომელიც მასში ჩემს მიერ, საქართველოს დეპუტატის მიერ დასმულმა ლეგიტიმურმა კითხვებმა გამოიწვია. კითხვებმა, რომელიც არ არის მარტო ჩემი კითხვები, არამედ ჩემი ამომრჩევლის, ხაზს ვუსვამ, ქართველი ამომრჩევლის კითხვებიცაა.

ასევე გაუგებარია, რა შეთქმულების თეორიებზე და ტყუილებზე ლაპარაკობს ქ-ნი ელჩი. შესაძლოა, ბოლომდე რომ წაეკითხა წერილი, ასეთი ცრუ ბრალდება არც წამოეყენებინა და პირდაპირ გაეცა პასუხი ჩემს მიერ დასმულ მარტივ კითხვაზე: ის ადამიანები საქართველოში თუ საქართველოს გარეთ, ვინც ომისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, არიან თუ არა „ფე ეს ბე-ს მზაკვრული ნარატივის“ გამავრცელებლები და თუ ასეა, რატომ არ მისცემს მათ შენიშვნებს (მათი დაფინანსების შეწყვეტაზე რომ არაფერი ვთქვათ), რომლებსაც ასე უხვად გასცემს ხოლმე ქ-ნი ელჩი „ქართული ოცნების“ მიმართ.

დასასრულს, რაც შეეხება 22-ორგანიზაციას. გასაოცარია, რომ ქ-ნი ელჩი იმდენად გაურკვეველია ქართული საზოგადოების განწყობებში, რომ დღემდე არ იცის, ნდობის როგორი დაბალი ხარისხით სარგებლობს ეს ორგანიზაციები ქართულ საზოგადოებაში. საქართველოს მოქალაქეები, ვისურვებდით, რომ საქართველოში მოვლენილმა ელჩებმა, უკეთესად გამოიკვლიონ ქართულ საზოგადოებაში არსებული განწყობები, რათა შემდგომში არ წარმოიქმნეს ასეთი ტიპის გაუგებრობები. ეს, ჩემი წარმოდგენით მათი მუშაობის ნაწილი უნდა იყოს”, – წერს ყაველაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე შინზო აბეს გარდაცვალების გამო იაპონელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიამაშინებს, რომ ვინც EU-ის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, ცდილობენ ეჭვის დათესვას… ეს საზიანოა – ჰარცელი