განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული რევაზ ნადირაძე დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.
სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 02:15 საათზე, ქ. ქობულეთში, კაფე-ბარ “ტროპიკანკას“ მიმდებარე ზღვის სანაპიროზე რევაზ ნადირაძეს შელაპარაკება მოუვიდა გიორგი ნინიკურთან, რასაც მათ შორის ჩხუბი მოჰყვა. ჩხუბის დროს რევაზ ნადირაძემ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით გიორგი ნინიკურს ზურგისა და გულმკერდის არეში 8-ჯერ დაარტყა დანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების შედეგად გიორგი ნინიკური გარდაიცვალა. სამართალდამცველების მიერ რევაზ ნადირაძე დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით.
მოსამართლემ რევაზ ნადირაძეს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ-ოსეთ-საქართველოს პირობით საზღვარზე საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიალეიბორისტული პარტია იწყებს აქციების სერიას ონლაინ-სესხებისა და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ