განურჩევლად მოქალაქეობისა საქართველოში ყველას თანაბარი ყურადღება ექცევა-დავით სერგეენკო

იაშვილის კლინიკაში მყოფი მოზარდისთვის არავის შეუქმნია ბარიერი იმის გამო, რომ ის რუსეთის მოქალაქეა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა,განურჩევლად მოქალაქეობისა  საქართველოში  ყველას თანაბარი ყურადღება ექცევა .

მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მოზარდის მშობლების მოთხოვნაზე, რომ საქართველოდან ბავშვი რუსეთში სპეციალური საჰაერო რეანომობილით გადაიყვანონ.

„მშობლებს განემარტათ, რომ სპეციალური საჰაერო რეანომობილით უზრუნველყოფის საშუალება საქართველოს არ აქვს, ვთავაზობთ რეანომობილსა და კომერციულ რეისს, რომელსაც გაყვება ექიმიც, თუმცა მშობლები მაინც სპეციალურ საჰაერო რეანომობილს ითხოვენ“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მისივე თქმით, არსებობს კარგი შესაძლებლობა, რომ გულის ოპერაცია, რომლის გამოც მშობლები შვილის რუსეთში ტრანსპორტირებას ითხოვენ, საქართველოში ჩატარდეს.

„ერთი თვის წინ პაციენტი გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის საჭიროებით შევიდა კლინიკაში. მას ეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სხვა ორგანოებისა და სისტემების დაავადებებიც აქვს. მას სჭირდებოდა ერთი თვის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობა. ხაზს ვუსვამ, რომ მისთვის ბარიერი არავის შეუქმნია იმის გამო, რომ რუსეთის მოქალაქეა. თანაბარი ყურადღებით ვექცევით ყველას, არავის ვტოვებთ განსაცდელში. ბავშვს, თანდაყოლილი დაავადებებიდან გამომდინარე, სჭირდება გულზე ქირურგიული ჩარევა. ეს ოპერაცია საქართველოში კეთდება ძალიან კარგად, არანაირი ფინანსური ბარიერი არ ექნებოდათ, სახელმწიფო დაეხმარებოდა ამ ოპერაციის დაფინანსებაში. თუმცა, მშობლებს სურვილი აქვთ, რომ ეს ოპერაცია რუსეთში გაკეთდეს და ითხოვენ, რომ სპეციალური თვითმფრინავით მოხდეს ბავშვის გადაყვანა. ჩვენი შეთავაზება ძალაშია, ამ ბავშვისთვის არაფერი დაგვიკლია. ოპერაციაზე თუ დათანხმდებიან, გავუკეთებთ ისე, რომ მათ თანხა არ დაეხარჯებათ. ჩვენ მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ კონკრეტულად საჰაერო რეანომობილი ვიქირავოთ. ვთავაზობთ იმას, რასაც ვთავაზობთ და განსაცდელში არ ვტოვებთ.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ რამდენიმე სიუჟეტი ვნახე და გული დამწყდა. მართლა არ შეიძლება, ასე ყველაფრის პოლიტიზირება, რომ აი, რუსეთს ვთხოვთ დახმარებას. არაფერი დაგვიკლია ამ ბავშვისთვის. მათ აქვთ თვითონ სურვილი, რომ გადაფრინდეს რუსეთში“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში შინდისის გმირების პატივსაცემად ტრადიციულად, 17 ხე დარგეს
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 9 შეტყობინება შევიდა